უკრაინამ „შაჰიდების“ ჩამჭრელი ახალი დრონი წარმატებით გამოცადა – ზელენსკი

12:51, 16.09.2026
უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 2026 წლის 24 აგვისტოს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში „მოხალისეთა კოალიციის“ შეხვედრაში მონაწილეობს

უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 2026 წლის 24 აგვისტოს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში „მოხალისეთა კოალიციის“ შეხვედრაში მონაწილეობს

უკრაინაში წარმატებით გამოსცადეს უპილოტო საფრენი აპარატების ჩამჭრელი კიდევ ერთი დრონი, რომელიც რუსული რეაქტიული ძრავით აღჭურვილი დრონების მოსაგერიებლად შეიქმნა. ტესტირების დროს, მან წარმატებით გაანადგურა „შაჰედი“, თუმცა მართვის მექანიზმის გარკვეული დეტალები ჯერ კიდევ დასახვეწია.

 

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ მიხაილო დრაპატის ბრიფინგის შემდეგ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, გამოცდის დროს, ახალმა უკრაინულმა ანტიდრონმა რუსული „შაჰედის“ ტიპის მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატი წარმატებით მოიგერია.

ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კონსტრუქცია ჯერ კიდევ საჭიროებს დახვეწას, განსაკუთრებით, მართვის სისტემის მხრივ.

„მუშაობას ვაგრძელებთ, ამას კიდევ ცოტა დრო დასჭირდება. მადლობა დეველოპერებს გაწეული შრომისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ბრიფინგზე ასევე საუბარი შეეხო უკრაინის სამომავლო სამხედრო ოპერაციებს და შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებას. ზელენსკის თქმით, თავდაცვის ახალ მინისტრ ევგენი ხმარასთან და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან ერთად განისაზღვრა პრიორიტეტული სამიზნეები, მათ გასანადგურებლდ საჭირო საშუალებების რაოდენობა და სამხედრო ოპერაციების მოსამზადებლად აუცილებელი ღონისძიებები.

პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე უკრაინის მიერ შორ მანძილზე განხორციელებული დარტყმების შედეგები „საკმაოდ ხელშესახებია“ და ეს დიპლომატიურ პროცესში უკრაინის პოზიციას აძლიერებს.

ზელენსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კიევი მზად არის დეესკალაციის მიმართულებით ნაბიჯების გადასადგმელად. უკრაინის პრეზიდენტის აზრით, პარტნიორებმა უნდა უზრუნველყონ, რომ რუსეთმა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ შეთანხმებები „დიდი ხნით და საიმედოდ“ შეასრულოს.

მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ახალი თაობის ანტიდრონების გამოცდას ატარებს, რომლებიც რუსული „შაჰედების“ წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ხელისუფლება ასეთი სისტემების განვითარების და წარმოების დაჩქარების მიმართულებითაც მუშაობს.

 

სტატიის ავტორი: კარინა ლევიცკა, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი (suspilne Ukraine / суспільне україне)

ფოტოს ავტორი: ოლექსანდრ მაჰულა, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი, 2026 წელი, 17:19 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი