უკრაინამ რუსული ნავთობკომპანია „როსნეფტის“ კიდევ ერთ ბაზაზე მიიტანა იერიში
უკრაინამ რუსული ნავთობკომპანია „როსნეფტის“ კიდევ ერთ ბაზაზე მიიტანა იერიში

უკრაინამ რუსული ნავთობკომპანია „როსნეფტის“ კიდევ ერთ ნავთობის ბაზაზე მიიტანა იერიში.

როგორც რუსეთის ტამბოვის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანა იერიში ტამბოვის ოლქში მდებარე ნავთობის ბაზაზე.

მისივე ინფორმაციით, დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ობიექტზე ხანძარი გაჩნდა, ადგილზე მუშაობდნენ მეხანძრეები.

გუბერნატორს არ დაუკონკრეტებია, არიან თუ არა თავდასხმის შედეგად დაშავებულები და კონკრეტულად რომელი ნავთობის ბაზა იყო იერიშის სამიზნე.

უკრაინული „ტელეგრამის“ არხების ცნობით, დრონების დარტყმა განხორციელდა ნიკიფოროვოს ნავთობის ბაზაზე, რომელიც დასახლება დმიტრიევკაში მდებარეობს. ამ ბაზაზე განლაგებულია 14 რეზერვუარი, რომელთა საერთო მოცულობა შეადგენს 10440 კუბურ მეტრს და ეს რეზერვუარები განკუთვნილია დიზელის საწვავის შესანახად. ბაზის მფლობელი რუსული ნავთობკომპანია „როსნეფტია“.

ამას გარდა, 3 დეკემბრის ღამეს თავდასხმის სამიზნე ასევე გახდა ვორონეჟის ოლქში მდებარე ნავთობის ბაზა.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება, უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა რამდენიმე რეზერვუარი, ხანძარი არ გაჩენილა.

ცნობისთვის, 2 დეკემებერს უკრაინული დრონებით იერიში განხორციელდა რუსეთის ორლოვის ოლქში მდებარე „როსნეფტის“ ნავთობის ბაზაზე. ცეცხლი საწვავის ორ რეზერვუარს გაუჩნდა.