უკრაინამ რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა
უკრაინამ რუსეთის სიდიდით მეორე ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა. ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გენერალური შტაბის ცნობით, ქალაქ კირიშში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წლიური გადამუშავების სიმძლავრე დაახლოებით, 20 მილიონი ტონა იყო.
იერიშის შემდეგ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. როგორც ცნობილია, ობიექტი საავტომობილო და საავიაციო საწვავთან ერთად, აწარმოებდა დიზელს, რომლითაც რუსული ჯარი მარაგდებოდა.
არსებული ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა იერიშები მიიტანეს როსტოვის ოლქში მდებარე დრონების შესანახ ობიექტზეც. დაიბომბა ქალაქ იეისკის სამხედრო აეროდრომიც, სადაც ასევე ხანძარი გაჩნდა.