უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე თბოელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
მოსკოვის რეგიონის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის ცნობით, დღეს, გამთენიისას უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს კრემლიდან 120 კილომეტრის დაშორებით მდებარე შატურის თბოელექტროსადგურზე. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„დრონების ნაწილი განადგურდა საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ. რამდენიმე დაეცა სადგურის ტერიტორიაზე. ობიექტზე ხანძარი გაჩნდა“, – განაცხადა ვორობიოვმა.
ვორობიოვის ინფორმაციით, ჩაირთო სარეზერვო ენერგომომარაგება.
როგორც მედია წერს, ეს არის კიევის ერთ-ერთი უმსხვილესი შეტევა რუსეთის სიღრმეში მდებარე სადგურზე.