უკრაინამ ახალი გზაგადამჭრელი დრონი წარადგინა
უპილოტო რეაქტიული გზაგადამჭრელი დრონი „ზორელიტ ვი5“
უკრაინულმა კომპანია „ვლუჩნიკმა“, რომელიც თავდაცვისა და ტექნოლოგიების სფეროში მუშაობს, გზაგადამჭრელი დრონის (Дрон-перехоплювач), „ზორელიტ ვი5“-ის (Зореліт v5) შიდა ტესტირება დაასრულა, რომელიც მაღალსიჩქარიანი საჰაერო სამიზნეების ჩამოსაგდებად შეიქმნა.
ამის შესახებ კომპანიამ გამოცემა Militarnyi-ს განუცხადა.
შიდა ტესტირების სრული ციკლის გავლის შემდეგ, „ზორელიტ ვი5“-მა დეკლარირებულ ტაქტიკურ-ტექნიკურ მახასიათებლებთან შესაბამისობა დაადასტურა და საბრძოლო გამოყენებისთვის მზად არის.
„ზორელიტ ვი5“-მა ტესტირების სრული ციკლი გაიარა და შეიარაღებული ძალებისთვის გამოსადეგია. დღეიდან ღია ვართ სამხედრო ნაწილებთან პირდაპირი კონტრაქტებისთვის, ხოლო პროდუქტის კოდიფიკაციის შემდეგ, მას eBaly-ს მეშვეობითაც გავხდით ხელმისაწვდომს“, – განაცხადა შპს „ვლუჩნიკის“ დირექტორმა, სტეპან რადიბოგმა.
„ზორელიტ ვი5“ მაღალსიჩქარიან საჰაერო სამიზნეებთან, კერძოდ კი „შაჰედის“ რეაქტიულ ვარიანტებთან და ყველა ტიპის სადაზვერვო უპილოტო საფრენ აპარატთან საბრძოლველად შეიქმნა.
მისი მაქსიმალური სიჩქარე საათში 416 კილომეტრი, ფრენის სიშორე კი 47 კილომეტრამდეა. დრონის ელემენტის რესურსი საკმარისია 17-წუთიანი ფრენისთვის (საათში 200 კილომეტრის საშუალო სიჩქარით). ჰაერში მტრის უპილოტო საფრენი აპარატის განადგურების მიზნით, დრონს 300-დან 600 გრამამდე ასაფეთქებელი ნივთიერების გადატანა შეუძლია.
მწარმოებელი აცხადებს, რომ გზაგადამჭრელი დრონი „ზორელიტ ვი5“ Zorelit v4-ის ბაზაზე შეიქმნა, რომელსაც „წარმატებული საბრძოლო გამოყენების ისტორია აქვს“ და ნატოს მარაგების ნომერი (NSN) აქვს მინიჭებული.