უკრაინა სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს და სანქციებს უწესებს
უკრაინა სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს და სანქციებს უწესებს

უკრაინა სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს, მას სავაჭრო ემბარგოს და ეკონომიკურ სანქციებს უწესებს, – ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ეს გადაწყვეტილება უკრაინის მთავრობამ სირიის მიერ სეპარატისტული რეგიონების დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ მიიღო.

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს სირიის არაბული რესპუბლიკის გადაწყვეტილებას, აღიაროს დონეცკისა დ ალუგანსკის ოლქების დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა. ამ არამეგობრული აქტის პასუხად უკრაინა აცხადებს სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ საკონსულო ურთიერთობების გაწყვეტის გარეშე საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის მეორე მუხლის შესაბამისად. უკრაინულ მხარეს ასევე იწყებს სირიის მიმართ სავაჭრო ემბარგოს დაწესების, ასევე სირიის იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ სხვა სანქციების დაწესების პროცედურას“, -ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

კიევის განცხადებით, სირია ცდილობს კვაზიფორმირებები უზრუნველყოს ფსევდოსუბიექტურობით კრემლში თავისი კურატორების დაკვეთით. აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკრაინა განიხილავს როგორც არამეგობრულ აქტს, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, უკრაინის კანონმდებლობის, გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების, პრინციპების უხეშ დარღვევას.