უკრაინა: საჰაერო განგაშის აპლიკაცია, კიბერშეტევის შემდეგ, დროებით გამოირთო

15:26, 02.11.2026
საილუსტრაციო ფოტო

საილუსტრაციო ფოტო

1 ნოემბრის საღამოს, უცნობმა პირებმა აპლიკაცია „საჰაერო განგაში“ გატეხეს, რის შემდეგაც მომხმარებლებმა ყალბი შეტყობინებები, მათ შორის – რადიაციული საფრთხის შესახებ გაფრთხილებები მიიღეს. ამის გამო, აპლიკაციის გუნდმა push-შეტყობინებები გამორთო და აპლიკაციის მუშაობა დროებით შეაჩერა. გუნდის განცხადებით, ვინაიდან აპლიკაცია პერსონალურ მონაცემებს არ ინახავს, შესაბამისად მათი გაჟონვის ან მათზე არასანქცირებული წვდომის საფრთხე არ არსებობს.

ამის შესახებ აპლიკაცია „საჰაერო განგაშის“ გუნდმა Telegram-ზე განაცხადა.

„1 ნოემბერს, აპლიკაციის მუშაობაში უცნობი პირები ჩაერივნენ. ამიტომ, ჩვენ push-შეტყობინებები გამოვრთეთ და აპლიკაციის ფუნქციონირება დროებით შევაჩერეთ. აპლიკაცია პერსონალურ მონაცემებს არ ინახავს, ამიტომ მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის გაჟონვის საფრთხე არ არსებობს. გთხოვთ, საეჭვო შეტყობინებებში მოცემულ ბმულებზე არ გადახვიდეთ“,- განაცხადეს აპლიკაციის გუნდის წარმომადგენლებმა.

ამასთან, მათ მომხმარებლებს ბოდიში მოუხადეს და აღნიშნეს, რომ აპლიკაციის მუშაობის აღდგენაზე უკვე მუშაობენ.

2 ნოემბრის ღამეს, „საჰაერო განგაშის“ გუნდმა განაცხადა, რომ კიბერშეტევის შემდეგ, აპლიკაციის მუშაობას ეტაპობრივად აღადგენენ.

„ამჟამად რუკაზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია საფრთხის ყვითელი და წითელი დონეების (შესაბამისად, თვითმფრიანვების და დრონების მასობრივი თავდასხმის ან სარაკეტო საფრთხის) შესახებ. ასევე, კვლავ იგზავნება საჰაერო განგაშის შესახებ push-შეტყობინებებიც “, – ნათქვამია აპლიკაციის გუნდის მიერ Telegram-არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გუნდის თქმით, რუკაზე სამიზნეების ჩვენება დროებით შეჩერებულია. ამასთან, მიმდინარეობს აპლიკაციის დაცვის დამატებითი ზომების მიღება, რათა მომავალში მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს.

რა უძღოდა წინ კიბერშეტევას

1 ნოემბერს, დაახლოებით 22:45 საათზე, აპლიკაცია „საჰაერო განგაშში“ დაიწყო ყალბი შეტყობინებების შესვლა, რომელიც მომხმარებლებს ქიმიური და რადიაციული საფრთხეების, ასევე, კიევში შესაძლო ქუჩის ბრძოლების შესახებ აფრთხილებდა. გარდა ამისა, მოქალაქეები რუსულ ენაზე იღებდნენ შეტყობინებებს „ორეშნიკის“ საფრთხის შესახებ, რომლებსაც თან Telegram-არხის ბმულები ახლდა.

„აპლიკაცია, სავარაუდოდ, მტრული ჩარევის ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდა. რადიაციული საფრთხე არ არსებობს! შეინარჩუნეთ სიმშვიდე და თვალი ადევნეთ ჩვენს შეტყობინებებს […]“, – დაწერა უკრაინის საჰაერო ძალებმა საკუთარ Telegram-არხზე.

ამის შემდეგ აპლიკაცია „საჰაერო განგაში“ მომხმარებლებისთვის დროებით მიუწვდომელი გახდა.

მოგვიანებით, დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრმა მოსახლეობას მოუწოდა, არანაირ გარე ბმულზე არ გადავიდნენ და გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გაავრცელონ.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, გაფრთხილების არსებული სისტემა, ქვეყნის მასშტაბით, ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. საფრთხის შესახებ ყველა სიგნალი რეგიონულ ადმინისტრაციებს გადაეცემა, რომლებიც, თავის მხრივ, ქუჩებში განთავსებული გამაფრთხილებელი სისტემების მეშვეობით ავრცელებენ მას.

კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციაც იუწყება, რომ აპლიკაცია „Kyiv Digital“ ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და საფრთხის შემთხვევაში, მომხმარებლებს საჰაერო განგაშის შესახებ შეატყობინებს.

თავის მხრივ, ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრომ სოციალურ ქსელებში მოქალაქეებს შეახსენა, რომ სანამ აპლიკაცია „საჰაერო განგაში“ არ მუშაობს, მათ ქალაქში საფრთხეების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სმარტფონებზე, საგანგებო შეტყობინებების მეშვეობით. სამინისტრომ განმარტა, როგორ უნდა ჩართონ ეს ფუნქცია და მოქალაქეებს მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ საჰაერო განგაშის სირენებს და ინფორმაცია ოფიციალურ წყაროებში გადაამოწმონ.

აპლიკაცია „საჰაერო განგაში“ 2022 წელს ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს მხარდაჭერით ამოქმედდა. კომპანია Ajax Systems-მა ის ექსტრემალურ პირობებში, ერთ დღეში შექმნა.

სტატიის ავტორი: დანილო ოსტროვერხოვ-ნოვიცკი, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი (suspilne Ukraine/ суспільне україне)

ფოტო: უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 2 ნოემბერი, 2026 წელი, 00:09 (ცენტრალური ევროპის დრო)

მსგავსი