უკრაინა საერთაშორისო საზოგადოებას დონბასში ვითარების ესკალაციის დაგმობისკენ მოუწოდებს
უკრაინა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, დაგმონ დონბასში ვითარების ესკალაცია. ამის შესახებ განცხადება „ტვიტერის“ გვერდზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა გაავრცელა.
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში პრორუსულმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა დღეს, დილით ე.წ. დაშორიშორების ხაზის გადაკვეთა სცადეს და უკრაინელი ჯარისკაცების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად, დაიღუპა ერთი სამხედრო მოსამსახურე, დაიჭრა ოთხი ჯარისკაცი.
აღსანიშნავია, რომ დონბასში ვითარების დაძაბვის გამო შეშფოთება გამოთქვა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა.