უკრაინა რამდენიმე კვირაში იარაღის ექსპორტს დაიწყებს
უკრაინული ანტი-დრონი P1-Sun-ი, რომელიც რუსული „შაჰედების“ ჩამოსაგდებად გამოიყენება. ხარკოვის ოლქი, 2026 წლის ივნისი
უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა, ოლექსი სობოლევმა განაცხადა, რომ უკრაინა თავდაცვითი პროდუქციის საზღვარგარეთ გაყიდვის მოდელზე მუშაობას ასრულებს და იარაღის ექსპორტის დაწყებამდე რამდენიმე კვირაა დარჩენილი.
ამ თემაზე ოლექსი სობოლევმა გადაცემა „Suspilne Studio“-ში ისაუბრა.
„ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები მზად არიან, უკრაინაში შექმნან სპეციალური ფონდი თავდაცვით პროექტებში ინვესტირების ჩასადებად. უკრაინულ-ამერიკულმა ფონდმა კი უკვე განახორციელა ინვესტიცია კომპანიაში, რომელიც დრონების აღჭურვილობას აწარმოებს. შემდეგი დიდი ნაბიჯი ექსპორტზე ნებართვის მიღების შემდეგ გადაიდგმება“, – აღნიშნა ოლექსი სობოლევმა.
მან ასევე განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციას (DFC), მსოფლიო ბანკსა და მის სააგენტო MIGA-ს შორის უკრაინაში სამხედრო და პოლიტიკური რისკების დაზღვევის თაობაზე. დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ღირებულების პროგრამა წლის ბოლომდე განხორციელდება. ის იმ უკრაინულ კომპანიების დაცვას უზრუნველყოფს, რომლებიც თავდაცვითი პროდუქციის წარმოებისა და ექსპორტის სექტორებში ოპერირებენ.
უკრაინა გეგმავს, გააფართოოს სამხედრო რისკების დაზღვევის საკუთარი სახელმწიფო პროგრამა, რათა ეს სადაზღვევო მექანიზმები ბიზნესისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. სობოლევის თქმით, მთავრობა ტვირთების გადაზიდვის რისკების დაზღვევის სქემას დამატებით 100 მილიონი ევროთი გაზრდის.
„დაზღვევა, ხანდახან, წელიწადში 7 პროცენტი ჯდება, მაგრამ ბიზნესი მზადაა, მხოლოდ 3 პროცენტი გადაიხადოს. სხვაობას სახელმწიფო ფარავს“, – განმარტა მინისტრმა.
25 ივნისს, გდანსკში (პოლონეთი) უკრაინის აღდგენისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, ევროკომისიამ განაცხადა, რომ „უკრაინის საინვესტიციო ჩარჩოს“ ფარგლებში, 1.1 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების შეთანხმებები გაფორმდა.
იარაღის ექსპორტის შესახებ
8 თებერვალს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ადგილობრივი წარმოების იარაღის საექსპორტო ცენტრებს ხსნის და 2026 წლის ბოლომდე ათი ასეთი ცენტრი შეიქმნება.
მან ასევე განმარტა, რომ ამჟამად დრონებს დაახლოებით 450 კომპანია აწარმოებს. პრეზიდენტის თქმით, მათგან დაახლოებით 50 ბაზრის ლიდერია, რომლებსაც ინვესტიციები ესაჭიროებათ. შესაბამისად, 2026 წელი უკრაინულ ტექნოლოგიებში, უპირველეს ყოვლისა კი, უპილოტო საფრენ აპარატებში ინვესტიციების ჩადების წელი იქნება.
პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 2025 წლის სექტემბერში დააანონსა, რომ უკრაინული იარაღის კონტროლირებადი ექსპორტის საკითხზე „მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“ მზადდებოდა, გასული წლის დეკემბერში კი ბერლინში პირველი საექსპორტო ოფისის გახსნის შესახებ გააკეთა განცხადება.
სტატიის ავტორი: მარია პატოკა / უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი (Suspilne Ukraine/ суспільне україне)
ფოტოს ავტორი: ვალერია იემეცი / უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი (Suspilne Ukraine/ суспільне україне)