უკრაინა ქერჩის სრუტეში სამხედრო გემებს გააგზავნის
უკრაინა ქერჩის სრუტეში სამხედრო გემებს გააგზავნის

უკრაინა ქერჩის სრუტეში სამხედრო გემებს გააგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის მდივანი ალექსანდრ ტურჩინოვი ავრცელებს. მან იმედი გამოთქვა, რომ ამჯერად უკრაინულ გემებთან ერთად, ქერჩის სრუტეში გავლას კიევის პარტნიორი სახელმწიფოების ხომალდებიც შეეცდებიან.

„ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ ყველას, რომ უკრაინას აზოვის ზღვაში პოზიციები არ დაუთმია და, რომ ამ ზღვაში საერთაშორისო კანონმდებლობით, სხვა ქვეყნის ხომალდების შესვლა დასაშვებია. თუ ჩვენ შევჩერდებით, რუსეთი თავის ამოცანას შეასრულებს და კრემლი აზოვის ზღვას დაეუფლება. მსოფლიოს დაუწესებს ახალ საზღვრებს შავ ზღვაში, რითაც ყირიმის ოკუპაციას, დე-ფაქტო ლეგალიზაციას მოახდენს” – განაცხადა ტურჩინოვმა.

მისივე თქმით, უკრაინა გამართავს მოლაპარაკებებს ეუთო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა მათი წარმომადგენლები უკრაინული გემებით გაემგზავრონ ქერჩის სრუტეში.

ქერჩის სრუტეში ვითარება 25 ნოემბერს დაიძაბა. რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს სამ უკრაინულ ხომალდს. რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს 24 უკრაინელი მეზღვაური. მათ ბრალი რუსეთის ფედერაციის საზღვრის უკანონო კვეთაში წაუყენეს. კიევში რუსეთის ქმედებას აგრესიად აფასებენ და მეზღვაურებს კრემლის სამხედრო ტყვეებად მიიჩნევენ.