უკრაინა პოსტსაბჭოეთიდან მეორე ქვეყანაა, რომელმაც ესპანეთი დაამარცხა - პირველად ეს ვაისის საქართველომ შეძლო (ვიდეო)

უკრაინის ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩში ესპანეთს მოუგო – ანდრეი შევჩენკოს გუნდმა მეტოქე კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გამართულ დაპირისპირებაში ვიqტორ ციგანკოვის მიერ 76-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა.

ეს არის უკრაინელთა პირველი გამარჯვება ესპანელებთან 7 მატჩში – მანამდე 5-ჯერ დამარცხნენ და 1 ფრედ დაასრულეს. ამ შეხვედრის შემდეგ ცნობილმა ესპანელმა ტელეკომენტატორმა პედრო მარტინიმ „ტვიტერზე“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საინტერესო სტატისტიკას წავაწყდით.

„ესპანეთმა პირველად წააგო უკრაინასთან. ეს მისი რიგით მე-2 მარცხია ყოფილი სსრკ ქვეყნების ნაკრებებთან გამართულ 41 მატჩში. ესპანეთის ნაკრებმა პირველად პოსტსაბჭოთა სივრციდან ეროვნულ გუნდთან 2016 წელს წააგო. ყოფილი სსრ კავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც ესპანელებს სძლია, საქართველო გახლდათ“, – წერს პედრო მარტინი.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 7 ივნისს, ხეტაფეს „კოლიზეულ ალფონსო პერესზე“ საქართველოს ნაკრები დიდი სენსაციის ავტორი გახდა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა მეტოქე 1:0 დაამარცხა.

მე-40 წუთზე, ესპანელი ნახევარმცველის გადაცემა ვაკო ყაზაიშვილმა ჩაჭრა და წინ წავიდა, მართალია, მას ფეხებში პიკე ჩაუწვა და არ გაატარა, მაგრამ ბურთი ჯაბა ჯიღაურმა მოიპოვა და საჯარიმოში შეჭრილმა კარის წინ თორნიკე ოქრიაშვილი მოძებნა, რომელმაც ზუსტად დაარტყა.

2018 წლის მსოფლიო თასის 1/8 ფინალში რუსეთმა ესპანეთი დაამარცხა, მაგრამ მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა და სტანისლავ ჩერჩესოვის გუნდმა მხოლოდ პენალტების სერიით მოიგო. უკრაინისა და საქართველოს ეროვნულმა ნაკრებებმა მოგება ძირითად დროში მოახერხეს.