უკრაინა მზადყოფნას გამოთქვამს, მოლდოვაში კრიზისის დასარეგულირებლად შუამავლის როლი შეასრულოს
უკრაინა მზადყოფნას გამოთქვამს, მოლდოვაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასარეგულირებლად შუამავლის როლი შეასრულოს. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უკრაინის საგარეო უწყების თანახმად, კიევი სთავაზობს კიშინიოვს, შეასრულოს შუამავლის როლი ყოფილი მმართველ „დემოკრატიულ პარტიასა“ და მარია სანდუს ახალარჩეულ მთავრობას შორის.
„უკრაინა დაინტერესებულია, რომ მოლდოვა იყოს სტაბილური, დემოკრატიული და ევროპული და მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, არსებული პრობლემების გადალახვაში დახმარება შესთავაზოს“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
ამას გარდა, უკრაინული მხარე შეშფოთებულია მოლდოვაში „ფედერალიზაციის რუსული სცენარის“ განხორციელების საფრთხის გამო.
„ქვეყნისთვის და რეგიონში უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ქვეყნის ფედერალიზაციის რუსული სცენარის რეალიზაციისკენ მიმართული გარე ჩარევა“, – აღნიშნულია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.
უკრაინის მთავრობა მოლდოვის პოლიტიკურ ძალებს კანონის ფარგლებში მოქმედებისა და დავის პოლიტიკური დიალოგის გზით დარეგულირებისკენ მოუწოდებს.
მოლდოვაში შექმნილი ვითარება უკრაინის უშიშროებისა და თავდაცის ეროვნული საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე განიხილებოდა.
9 ივნისს მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ იგორ დოდონს უფლებამოსილება შეუჩერა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად პაველ ფილიპი დანიშნა. ამავე დღეს პაველ ფილიპმა გამოსცა განკარგულება, რომლითაც პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოითხოვა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პრეზიდენტ იგორ დოდონისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მოლდოვის პარლამენტი არ ეთანხმება. პარლამენტის წევრებმა მიიღეს განცხადება, რომელშიც კონსტიტუციური სასამართლო და „დემოკრატიული პარტია“ ხელისუფლების უზურპაციაში დაადანაშაულეს. 2019 წლის თებერვალში მოლდოვაში გამართული არჩევნების შედეგად მმართველი დემოკრატიული პარტია მესამე ადგილზე გავიდა, თუმცა ის ამ დრომდე აკონტროლებდა მთავრობას, რადგან პარლამენტში პარტიები მმართველი კოალიციის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ აღწევდნენ. 8 ივნისს საგანგებო სხდომაზე ახალარჩეულმა პარლამენტმა კოალიცია ჩამოაყალიბა და პროევროპული პარტიის ლიდერი მარია სანდუ პრემიერად დანიშნა. საკონსტიტუციო სასამართლომ ახალი მთავრობა არალეგიტიმურად მიიჩნია, რადგან სასამართლოს განცხადებით, პარლამენტს კოალიციის ფორმირების ვადა 7ივნისს ამოეწურა.