უკრაინა: მიმდინარე წელს სასამართლოებს, გაკოტრების მოთხოვნით, 1 200-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა
საილუსტრაციო ფოტო
2026 წლის 9 თვის განმავლობაში, სასამართლოებს, გაკოტრების მოთხოვნით, 1 200-ზე მეტმა უკრაინელმა მიმართა. ეს რაოდენობა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 37%-ით აღემატება. გაკოტრებული ადამიანების რაოდენობა უკრაინაში უკვე ზედიზედ მეოთხე წელია იზრდება.
ამის შესახებ უკრაინული პლატფორმა Opendatabot-ი, რომელიც სახელმწიფო რეესტრების მონაცემებს აგროვებს და აანალიზებს, უზენაესი სასამართლოს მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.
ანალიტიკოსები განმარტავენ, რომ წელს გაკოტრების 1 293 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 37%-ით მეტია 2025 წლის მაჩვენებელზე და 40%-ით აღემატება 2024 წლის მთლიან მაჩვენებელს.
„იმ უკრაინელთა რაოდენობა, რომლებიც თავს გაკოტრებულად აცხადებენ, სრულმასშტაბიანი ომის პირველ წელს დაფიქსირებული კლების შემდეგ, ზედიზედ მეოთხე წელია იზრდება. 2021 წლიდან დღემდე, […] საერთო ჯამში, გადახდისუუნაროდ 5 014 უკრაინელი გამოცხადდა“, – ნათქვამია ანგარიშში.

გენდერული და ასაკობრივი განაწილება გაკოტრების საქმეებში
Opendatabot-ის მონაცემებით, წელს გაკოტრებულ ქალთა რაოდენობა კაცებისას აღემატება: ქალების რაოდენობა 685-ია, კაცების კი – 608. შესაბამისად, გაკოტრების საქმეების საერთო რაოდენობის 53 პროცენტი ქალებზე მოდის. გასულ წელს ვითარება საპირისპირო იყო – გაკოტრების საქმეების 51 პროცენტი მამაკაცებს ეხებოდა.
გაკოტრების საქმეებში მონაწილე უკრაინელების ორი მესამედი 25-დან 45 წლამდე ასაკისაა. მათი საერთო რაოდენობა 876-ს შეადგენს. 304 პირი 45 წელს გადაცილებულია, 113 კი 25 წლამდე ასაკისაა. მიმდინარე წელს გაკოტრებულთა შორის ყველაზე უმცროსი მხოლოდ 20 წლისაა, ყველაზე უფროსი კი -77 წლის.

რეგიონები, რომლებიც გაკოტრების მაჩვენებლით ლიდერობენ
ანალიტიკოსების თქმით, გადახდისუუნარობის ყველაზე მეტი საქმე კიევის სასამართლოებში განიხილება – 228. შემდეგ მოდის კიევის ოლქი (130 საქმე) და ლვოვის ოლქი (109 საქმე). დედაქალაქსა და ამ ორ ოლქზე ერთად, ყველა საქმის მესამედზე მეტი მოდის.
„გადახდისუუნარობის საქმეების ყველაზე მკვეთრი ზრდა კიროვოგრადის ოლქში დაფიქსირდა – მათი რაოდენობა გაორმაგდა და 20-დან 43-მდე გაიზარდა. კიევის ოლქში საქმეების რაოდენობა 86 პროცენტით, ხოლო ტერნოპოლის ოლქში 64 პროცენტით გაიზარდა“, – ნათქვამია ანგარიშში.
ამავდროულად, ზოგიერთ ოლქში გაკოტრების მაჩვენებლები შემცირდა. მაგალითად, გაკოტრების საქმეებში ჩართული უკრაინელების რაოდენობა ვინიცის ოლქში 77-დან 63-მდე შემცირდა, ოდესის ოლქში – 68-დან 64-მდე, ხოლო მიკოლაევის ოლქში – 16-დან 11-მდე.
რა უნდა ვიცოდეთ პირის გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ
2019 წლის ოქტომბრიდან, უკრაინელებს ოფიციალურად შეუძლიათ, სასამართლოს მეშვეობით, თავი გაკოტრებულად გამოაცხადონ. ამ პროცედურის ინიცირება მხოლოდ თავად მოვალეს შეუძლია და არა მის კრედიტორებს. თუმცა, ეს პროცედურა ყველა დავალიანების ავტომატურად გაუქმებას არ ნიშნავს: მათ ნაწილობრივი დაფარვა მაინც სჭირდება (მათ შორის – ქონების რეალიზაციის გზით), ხოლო ალიმენტის ვალდებულებები ჩამოწერას საერთოდ არ ექვემდებარება.
ამასთან, გაკოტრების გამოცხადების შემდეგ, პირს გარკვეული ვალდებულებები ხუთი წლის განმავლობაში ეკისრება. ამ პერიოდში სესხის ან კრედიტის აღებისას, პირმა გამსესხებელს უნდა აცნობოს, რომ გაკოტრებულია. ასევე, მას არ შეუძლია ხელახლა წამოიწყოს გაკოტრების პროცედურა, თუ ყველა წინა დავალიანება სრულად არ აქვს დაფარული.