უკრაინა კონცერტებზე და დაწესებულებებში რუსულენოვანი სიმღერების შესრულების აკრძალვას აპირებს

16:54, 05.11.2026
უკრაინის სახელმწიფო ენის დაცვის რწმუნებული, ოლენა ივანოვსკა

უკრაინის სახელმწიფო ენის დაცვის რწმუნებული, ოლენა ივანოვსკა

უკრაინაში გაჩნდა მოწოდებები, აიკრძალოს რუსულენოვანი კულტურული ნაწარმოებების საჯაროდ შესრულება, იმის მიუხედავად, თუ რა ეროვნების არის თავად შემსრულებელი. ასევე იგეგმება იმ დაწესებულებების დაჯარიმება, რომლებიც მსგავსი ღონისძიებების გამართვისთვის სივრცეს გამოყოფენ.

ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო ენის დაცვის რწმუნებულმა, ოლენა ივანოვსკამ გადაცემის, „კულტურა დღეს“, ეთერში განაცხადა.

„კულტურის შესახებ“ ამჟამად მოქმედი კანონი რუსულენოვანი კულტურული პროდუქციის საჯაროდ შესრულებასა და ჩვენებას მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს უკრძალავს. შესაბამისად, უკრაინელ შემსრულებლებსა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს კონცერტებზე შეუძლიათ რუსულ ენაზე სიმღერების შესრულება, მუსიკალური კლიპების ჩვენება და საჯარო სივრცეებში მათი კონტენტის გავრცელება.

ივანოვსკას თქმით, იგეგმება ამ შეზღუდვების ყველა შემსრულებელზე გავრცელება, მათი ეროვნების მიუხედავად. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შეტანა კანონის მე-15 მუხლში უნდა მოხდეს.

უკრაინის უმაღლესი რადას ჰუმანიტარული და საინფორმაციო პოლიტიკის საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფი შესაბამის ცვლილებებზე უკვე მუშაობს. შეზღუდვების გამკაცრების ინიციატივა რადას წევრ ალექსანდრე სანჩენკოს ეკუთვნის.

ვის შეეხება აკრძალვა

შეზღუდვები შეეხება რუსულენოვანი კულტურული პროდუქციის საჯაროდ გავრცელებას კონცერტებზე, ქუჩებში, საზოგადოებრივ ადგილებსა და მასობრივ ღონისძიებებზე.

ასევე, პასუხისმგებლობა დაეკისრებათ იმ დაწესებულებების მფლობელებს, რომლებიც საკუთარ შენობებში ასეთი კონტენტის გავრცელების უფლებას მისცემენ. ეს, კერძოდ, ეხება საკონცერტო დარბაზებს, რესტორნებსა და კაფეებს.

თუმცა, რუსულ ენაზე კულტურული პროდუქციის შექმნა არ აიკრძალება. ივანოვსკას განმარტებით, კანონპროექტი კერძო შემოქმედებით საქმიანობას არ არეგულირებს და მხოლოდ რუსულენოვანი კონტენტის საჯაროდ გავრცელებას ზღუდავს.

პირველი დარღვევის შემთხვევაში, გათვალისწინებულია გაფრთხილება ან ჯარიმა 13 600-დან 17 000 გრივნამდე. ერთი წლის განმავლობაში განმეორებითი დარღვევისთვის კი ჯარიმის ოდენობა 20 400-დან 25 500 გრივნამდე გაიზრდება.

დარღვევის შესახებ შეტყობინების მიზნით, მოქალაქეებს შეეძლებათ საჩივრის შეტანა სახელმწიფო ენის დაცვის რწმუნებულის ოფიციალურ ვებგვერდზე. ამისთვის დარღვევის ფაქტის დოკუმენტურად დაფიქსირება იქნება საჭირო. საჩივრის მიღების შემდეგ, სახელმწიფო ენის დაცვის უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელი ფაქტს შეამოწმებს და გაფრთხილების ან ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.

რა ბედი ელის ინტერნეტში არსებულ რუსულენოვან კონტენტს

გადაცემაში „კულტურა დღეს“ ივანოვსკა რუსულენოვანი კონტენტის ინტერნეტში გავრცელების საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, ეს სივრცე დამატებით რეგულირებას საჭიროებს, განსაკუთრებით – რუსული კულტურული გავლენისგან მოზარდების დაცვის კუთხით.

მისივე განმარტებით, ენის დაცვის რწმუნებულის სამდივნო კომპანია „გუგლსაც“ დაუკავშირდა. ამის მიზეზი ის არის, რომ საძიებო სისტემა უკრაინულ ენაზე გაკეთებული მოთხოვნის პასუხად ყოველთვის უკრაინულენოვან შედეგებს არ აჩვენებს და ამის ნაცვლად, მომხმარებლებს, ზოგჯერ, რუსულენოვან ვებგვერდებს სთავაზობს.

გადაცემაში საუბარი ასევე შეეხო რუსულ ენაზე არსებული საარქივო ფილმების ჩვენებას, მათ შორის – საგანმანათლებლო, სამეცნიერო ან კვლევითი მიზნებისთვის.

ივანოვსკამ განმარტა, რომ ასეთი შემთხვევებისთვის გამონაკლისები გათვალისწინებული არ არის – თუ კულტურული პროდუქტი ორიგინალურ ენაზე იქნება ნაჩვენები, მას თან უნდა ახლდეს სუბტიტრები ან სინქრონული თარგმანი.

კანონპროექტი უმაღლეს რადაში განხილვისთვის უკვე მზად არის.

სტატიის ავტორი: ოქსანა ზაბლოცკა, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი (suspilne Ukraine/ суспільне україне)

ფოტოს ავტორი: სლავა გალაკა, სახელმწიფო ენის დაცვის რწმუნებულის ფეისბუკ-გვერდი

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 5 ნოემბერი, 2026 წელი, 10:47 (ცენტრალური ევროპის დრო)

მსგავსი