უკრაინა ისრაელთან უვიზო რეჟიმის გაუქმებას არ გამორიცხავს, თუ საზღვარზე უკრაინელი ტურისტების უფლებები სისტემატურად დაირღვევა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელთან უვიზო რეჟიმის გაუქმებას არ გამორიცხავს, თუ ამ ქვეყნის საზღვარზე უკრაინელი ტურისტების უფლებები სისტემატურად დაირღვევა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ეკატერინა ზელენკომ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ 15 თებერვალს ბორისპოლის აეროპორტში ისრაელის 35 მოქალაქეს უარი უთხრეს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლაზე არასაკმარისი სახსრების ან ვიზიტის დაუდასტურებელი მიზნის გამო. თავის მხრივ, ისრაელმა პროტესტის ნიშნად უკრაინიდან ჩასული თვითმფრინავი დააკავა, რომელშიც უკრაინის 140 მოქალაქე იმყოფებოდა.
„მომავალში ჩვენ შევაფასებთ საზღვარგარეთ უკრაინელების უფლებების დარღვევის მასშტაბს, ხასიათს და იმას, თუ რამდენად არიან ქვეყნები მზად, ებრძოლონ კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევებს. იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნების მთავრობები სათანადოდ არ გაუწევენ წინააღმდეგობას უკრაინის მოქალაქეების არალეგალურ დასაქმებას, თუ უკრაინელი ტურისტებისა და მოგზაურების უფლებები სისტემატურად დაირღვევა, ჩვენ გადავხედავთ მოქალაქეების მგზავრობის პირობებს, მათ შორის იმ ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნების მიზანშეწონილობას, სადაც ჩვენი თანამემამულეების უფლებები სისტემატურად ირღვევა“, – განაცხადა ზელენკომ.
უწყების წარმომადგენლის თქმით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელს გადასცა ნოტა, რომელშიც აღნიშნულია, რომ უკრაინის ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია უკრაინის მოქალაქეების უფლებების დაცვა, მათ შორის მოკლევადიანი ვიზიტებისა და საზღვარგარეთ ხანგრძლივი პერიოდის ცხოვრების დროს.
„ჩვენ გავააქტიურეთ ისრაელელ პარტნიორებთან თანამშრომლობა ისრაელში უკრაინელი მოგზაურების უფლებების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის უფრო ღრმა მონიტორინგისთვის… პრობლემა სისტემურია და უნდა გადაწყდეს უწყებათაშორისი თანამშრომლობის დონეზე“, – განაცხადა ზელენკომ.
როგორც უკრაინული მედია იტყობინება, ბოლო დროს თელ ავივის აეროპორტში გახშირდა უკრაინელი მოქალაქეების დაკავებებისა და ხანგრძლივი დაკითხვის შემთხვევები, რის შემდეგაც ზოგიერთს უკან აბრუნებენ. ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრო მსგავს პრაქტიკას უკრაინიდან არალეგალი მიგრანტების რაოდენობის ზრდით განმარტავს.