უკრაინა ირანისგან ჩამოგდებული სამგზავრო ავიალაინერის „შავი ყუთების“ გადაცემას ითხოვს. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინული მხარის ცნობით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და გენერალურმა პროკურატურამ უკვე მიმართეს ირანის შესაბამის ორგანოებს ბორტჩამწერების გადასაცემად.
„უკრაინა მიმართავს ყველა ზომას ბორტჩამწერების შესაბამისი გაშიფრვის უზრუნველსაყოფად და ავიაკატასროფის გარემოებების გამოძიებისას მტკიცებულებების შესანახად“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
ამასთან, უკრაინის ელჩმა აშშ-ში ვლადიმირ ელჩენკომ განაცხადა, რომ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების ავიალაინერის კატასტროფის გამოძიება კომპანია „ბოინგის“ მონაწილეობით ჩატარდება. დიპლომატის ინფორმაციით, საგამოძიებო კომისიაში „ბოინგის“ წარმომადგენლების გარდა შევლენ იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომელთა მოქალაქეებიც ემსხვერპლნენ ავიაკატასტროფას.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ირანის განცხადების მიხედვით, ქვეყნის ხელისუფლება ჩამოგდებული თვითმფრინავის „შავ ყუთებს“ გასაშიფრად საფრანგეთში გაგზავნის.
უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო „ბოინგი“ თეირანის აეროპორტთან 8 იანვარს ჩამოვარდა, რასაც 176 ადამიანი ემსხვერპლა. სამი დღის შემდეგ, ირანის ხელისუფლებამ აღიარა, რომ თვითმფრინავი სამხედროებმა შეცდომით ჩამოაგდეს. 14 იანვარს ირანის მთავრობამ ავიალაინერის ჩამოგდების საქმის გამოძიების ფარგლებში რამდენიმე ადამიანის დაკავების შესახებ განაცხადა.