უკრაინა იმედოვნებს, რომ ვენეციის ბიენალეს რუს მონაწილეებზე იტალია ვიზებს არ გასცემს
უკრაინა იმედოვნებს, რომ ვენეციის ბიენალეს რუს მონაწილეებზე იტალია ვიზებს არ გასცემს

უკრაინაში იმედოვნებენ, რომ იტალია, როგორც ვენეციის ბიენალეს მასპინძელი ქვეყანა, რუს მონაწილეებზე ვიზებს არ გასცემს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.

როგორც სიბიგამ განმარტა, ვენეციის ბიენალეზე რუსეთის მონაწილეობის საკითხი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის იტალიაში ვიზიტის დროსაც განიხილეს.

„ჩვენ სანქციები დავუწესეთ ამ პირებს, რუს მონაწილეებს, ხოლო ახლა ვაყენებთ საკითხს, რომ მათ ვიზები არ მისცენ. მასპინძელი ქვეყანა იტალიაა. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს თხოვნას გაითვალისწინებენ“, – აღნიშნა სიბიგამ მედიასთან საუბრისას.

ცნობისთვის, 20-ზე მეტმა ევროპულმა ქვეყანამ მოითხოვა, რომ რუსეთს ვენეციის ბიენალეში მონაწილეობის უფლება არ მიეცეს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა კი განაცხადა, რომ ბიენალეზე რუსეთის დაბრუნება ამორალურია და ამის გამო გამოფენის დაფინანსების შემცირება იგეგმება.

2026 წლის ბიენალე 9 მაისიდან 22 ნოემბრამდე გაგრძელდება, სადაც რუსეთის პავილიონიც იქნება წარმოდგენილი. ხელოვნების გამოფენაზე რუსი მხატვრები ხელახლა იქნებიან დაშვებული რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ.