უკრაინა: დაპატიმრებულია დედა, რომელიც თავისი ახალშობილი ვაჟის 20 000 დოლარად გაყიდვაშია ეჭვმიტანილი
სოციალურ მუშაკს ხელში უჭირავს ახალშობილი, რომლის გაყიდვასაც, გამომძიებლების თქმით, 30 წლის დედა 20 000 დოლარად ცდილობდა
ივანო-ფრანკოვსკში დააპატიმრეს დედა, რომელმაც, გამოძიების ვერსიით, თავისი ბავშვი 20 000 დოლარად გაყიდა. კიევის ოლქის მცხოვრებმა ეჭვმიტანილმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა პოსტი თავისი იმ დროისთვის ჯერ კიდევ არდაბადებული ბავშვის გაყიდვის განზრახვის შესახებ და „კლიენტი“ სოციალური ქსელის საშუალებით იპოვა. გამომძიებელმა დაადგინა, რომ ივანო-ფრანკოვსკში მშობიარობის შემდეგ, ქალმა თანხა სრულად მიიღო.
ამის შესახებ ნათქვამია ივანო-ფრანკოვსკის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებაში, რომელიც 9 ივლისს გამოქვეყნდა.
ეჭვმიტანილი ქორწინებაში მყოფი ქალია, რომელსაც ოთხი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და მანამდე ნასამართლევი არ ყოფილა. გამოძიების თანახმად, მას შემდეგ, რაც ფეისბუკზე ფსევდონიმით დარეგისტრირებულმა ქალმა გაიგო, რომ ორსულად იყო, გადაწყვიტა, ბავშვი არ დაეტოვებინა და გაეყიდა.
„2026 წლის 14 მარტს, ფეისბუკ-ჯგუფში, სახელწოდებით „სუროგაცია“, მან სხვადასხვა პოსტის ქვეშ გამოქვეყნებულ თავის კომენტარებში ამ განზრახვის შესახებ შეფარვით მიანიშნა. სხვა პირთან მიმოწერისას, რომელსაც ახალშობილი ბავშვის შეძენა სურდა, ქალმა განაცხადა, რომ მზად იყო ჩვილი დაბადებისთანავე 20 000 დოლარის გადახდის სანაცვლოდ გაესხვისებინა“, – ნათქვამია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, 7 აპრილს ორსული ქალი ივანო-ფრანკოვსკში ჩავიდა, სადაც თავის „კლიენტს“ შეხვდა. ამის შემდეგ ისინი, სამედიცინო შემოწმებისთვის, ლისეცის საავადმყოფოში წავიდნენ. მოგვიანებით, ეჭვმიტანილმა ავანსის სახით, 10 000 გრივნა მიიღო და ხელი მოაწერა ხელწერილს ბავშვის გადაცემის შესახებ.
მაისსა და ივნისს შორის პერიოდში, ქალმა, რომელიც ბავშვის „ყიდვაზე“ დათანხმდა, ეჭვმიტანილის ბინის ქირა გადაიხადა, უყიდა მას საკვები, პირადი ნივთები და მედიკამენტები, ასევე მისცა ნაღდი ფული საარსებო ხარჯებისთვის.
„25 ივნისს ორსული ქალი ივანო-ფრანკოვსკის საოლქო პერინატალურ ცენტრში მოათავსეს. 2 ივლისს მან გააჩინა ვაჟი, რომელიც 4 კილოგრამსა და 300 გრამს იწონიდა, ხოლო სიგრძეში 58 სანტიმეტრი იყო, რის შესახებ „კლიენტსაც“ აცნობა. ამასთან, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი განზრახვა, რომ საფასურის სანაცვლოდ, ბავშვის გასხვისებას აპირებდა“, – აღნიშნულია სასამართლო დოკუმენტში.
როგორც გამომძიებლის შუამდგომლობაშია ნათქვამი, 6 ივლისს, სამშობიარო პალატაში ყოფნისას, დედამ თავისი ახალშობილი ვაჟი „კლიენტს“ გადასცა და სანაცვლოდ, 20 000 დოლარი მიიღო. იმავე დღეს, იგი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 149-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ეჭვის საფუძველზე დააკავეს. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 15 წლამდე ვადით, ქონების კონფისკაციით ან მის გარეშე.
ივანო-ფრანკოვსკის საქალაქო სასამართლომ ჩვილის გამსხვისებელი დედა 2026 წლის 2 სექტემბრამდე წინასწარ პატიმრობაში დატოვა, 499 200 გრივნის ოდენობის გირაოს გადახდის უფლებით. იგი ივანო-ფრანკოვსკის №12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული.
სტატიის ავტორი: დიანა იატცევი, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი (suspilne Ukraine/ суспільне україне)
ფოტოს ავტორი: ივანო-ფრანკოვსკის (უკრაინა) ოლქის პოლიცია