უკრაინა, აშშ, საფრანგეთი და გერმანია გაერო-ს ერთობლივი რეზოლუციის პროექტს წარუდგენენ
უკრაინა აშშ-სთან, საფრანგეთთან და გერმანიასთან ერთად დონბასში, გაერო-ს სამშვიდობო მისიის განთავსების შესახებ ერთობლივი რეზოლუციის პროექტს წარუდგენს გაერო-ს უშიშროების საბჭოს. ამის შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პაველ კლიმკინმა განაცხადა.
„გვაქვს შეთანხმება ჩვენს მეგობრებთან – აშშ-სთან, გერმანიასთან და საფრანგეთთან. გუშინ მე კიდევ ერთხელ ვესაუბრე ჰაიკო მაასს და სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს, ჩვენ ერთობლივ რეზოლუციას წარვადგენთ“, – განაცხადა კლიმკინმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აუცილებელია რუსეთზე ზეწოლა გაძლიერდეს, რადგან მოსკოვი ყველანაირად ცდილობს, შეეწინააღმდეგოს აღმოსავლეთ უკრაინაში გაერო-ს მისიის განთავსებას.
როგორც ცნობილია, კიევი გაერო-ს მისიის განთავსებას დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მთელ ტერიტორიაზე ითხოვს, მათ შორის რუსეთთან საზღვრის გასწვრივ. თავის მხრივ, მოსკოვი მიიჩნევს, რომ მშვიდობისმყოფელები კონფლიქტის მხარეების გამყოფი ხაზის გასწვრივ უნდა განთავსდნენ.