უკრაინა აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს
უკრაინა აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას.

შესაბამის განცხადებას უკრაინის საგარეო უწყება ავრცელებს.

„უკრაინა არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არანაირ ე.წ. არჩევნებს, რადგან ისინი აგრესორი ქვეყნის კონტროლის ქვეშ ტარდება, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და არ აქვთ არანაირი სამართლებრივი შედეგები. ეს ქმედებები ასევე მიმართულია შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებისკენ“, – წერია უკრაინის საგარეო წუყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო „არჩევნების“ ორგანიზება რუსეთის ფედერაციის ჩვეული პრაქტიკაა სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ აგრესიის შედეგების ლეგიტიმაციის მცდელობის ფარგლებში.

„ამ მცდელობების საპასუხოდ საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო პოზიცია ადასტურებს აგრესორი სახელმწიფოს ძალისხმევის წარუმატებლობას. უკრაინა ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების ყველა დებულება“,- ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.