უკრაინა: 2026 წელს ქორწინებების 38 პროცენტი ელექტრონულად დარეგისტრირდა

13:15, 10.07.2026
საილუსტრაციო ფოტო

საილუსტრაციო ფოტო

2026 წლის პირველ ნახევარში უკრაინაში 79 516 ქორწინება დარეგისტრირდა. აქედან 30 488 ონლაინ რეჟიმში გაფორმდა. ეს ნიშნავს, რომ ამ პერიოდში დარეგისტრირებული ყველა ქორწინების 38.3 პროცენტი ელექტრონულად დაფიქსირდა.

 

ამ ინფორმაციას უკრაინის იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

შედარებისთვის: უწყების ცნობით, 2025 წლის განმავლობაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა სულ 165 587 ქორწინება დაარეგისტრირეს, რომელთაგან ონლაინ რეჟიმში მხოლოდ 18.4 პროცენტი გაფორმდა.

„ონლაინ ქორწინების რეგისტრაციის სერვისს ამჟამად სამოქალაქო სტატუსის აქტების სახელმწიფო რეესტრის სამი ციფრული ოფისი უზრუნველყოფს, რომლებიც კიევში, ლვოვსა და დნიპროში არიან განთავსებულნი. ეს უკრაინელებს დისტანციურად დაქორწინების შესაძლებლობას აძლევს, მიუხედავად იმისა, თუ მსოფლიოს რომელ წერტილში იმყოფებიან ისინი“, – აღნიშნეს სამინისტროში.

გავრცელებული ინფორმაციით, ქორწინებების ონლაინ რეგისტრაცია პირველად უკრაინის იუსტიციის სამინისტროს კიევის რეგიონთაშორისი სამმართველოს სამოქალაქო სტატუსის აქტების რეგისტრაციის ციფრულმა ოფისმა 2024 წლის სექტემბერში განახორციელა.

„მას შემდეგ აქ, კიევში, 36 823 ონლაინ ქორწინება დარეგისტრირდა. 2025 წლის სექტემბერში პროექტს ლვოვისა და დნიპროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ციფრული ოფისებიც შეუერთდნენ. მას შემდეგ ონლაინ რეჟიმში ლვოვში 8 224 ქორწინება გაფორმდა, ხოლო დნიპროში – 17 239“, – იუწყება იუსტიციის სამინისტრო.

2026 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, ციფრულ სამოქალაქო რეესტრებში ელექტრონულად სულ 62 286 ქორწინება იყო გაფორმებული.

აღნიშნული სერვისი ხორციელდება უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მიერ, ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და შვეიცარიულ-უკრაინული პროგრამა EGAP-ის მხარდაჭერით, რომელსაც ფონდი „აღმოსავლეთ ევროპა“ უწევს ორგანიზებას.

2024 წლის სექტემბრიდან, უკრაინელებს ვიდეოკავშირის საშუალებით ქორწინების გაფორმება სახელმწიფო სერვისების პორტალ „დიია“-ს („Дія“) მეშვეობით შეუძლიათ.

 

სტატიის ავტორი: დმიტრო მიხაილოვი, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი (suspilne Ukraine/ суспільне україне)

ფოტოს ავტორი: ჰეზერ დიელი, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 9 ივლისი, 2026, 15:41 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი