უხვმა ნალექმა ევროპის სამხრეთში წყალდიდობა გამოიწვია, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა
უხვმა ნალექმა ევროპის სამხრეთში წყალდიდობა გამოიწვია, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა

„ევრონიუსის“ ცნობით, უხვმა ნალექმა ევროპის სამხრეთში წყალდიდობა გამოიწვია, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. საბერძნეთში, ქალაქ ვოლოსში, ახლომდებარე მთიან რეგიონ პილონსა და ტურისტულ კუნძულ სკიათოსზე ძლიერი წვიმის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ხუთ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. დაიტბორა ქუჩები, წყალმა წაიღო რამდენიმე ავტომობილი. სტიქიამ ზოგიერთ რაიონში ქვათაცვენა გამოიწვია, რის გამოც საავტომობილო გზების ნაწილი ჩაიხერგა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურმა მოქალაქეებს მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა და ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება ურჩია.

ბულგარეთში, ქვეყნის სამხრეთით, შავი ზღვის სანაპიროზე შტორმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის დროს დაღუპულია, სულ მცირე, ორი ადამიანი და სამს ამ დრომდე ეძებენ. დატბორილია სახლები, გზები და ხიდები. მოქალაქეების ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია. წყალდიდობის შედეგად დაბინძურდა სასმელი წყალი და მოქალაქეებს მოუწოდეს, ონკანიდან წყლის დალევას მოერიდონ.

სტიქიის გამო ქალაქ ცარევოში საგანგებო სიტუაციის რეჟიმი გამოცხადდა.