უკან სსრკ-ში: ყირიმში, გადაუდებელი ზარებისთვის, საზოგადოებრივი ტაქსოფონები დააბრუნეს

18:11, 23.07.2026
ყირიმში ტაქსოფონის აპარატები დააბრუნეს (საილუსტრაციო ფოტო)

ყირიმში ტაქსოფონის აპარატები დააბრუნეს (საილუსტრაციო ფოტო)

საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ყირიმში რუსეთის მიერ დანიშნულმა ხელისუფლებამ, პოლიციასა და საგანგებო სამსახურებში გადაუდებელი ზარების განსახორციელებლად, საზოგადოებრივი ტაქსოფონები დაამონტაჟა. ისინი მობილური ტელეფონების ალტერნატივად გამოიყენება, რომლებიც უკრაინული თავდასხმების დროს, რადიოელექტრონული ჩახშობის გამო, ხშირად ითიშება.

 

ყირიმის ნახევარკუნძულზე არსებულ მომარაგების მარშრუტებს, სამხედრო ბაზებსა და ელექტროსადგურებს უკრაინა სისტემატურად უტევს. ამ ტერიტორიის ანექსია რუსეთმა 2014 წელს მოახდინა, თუმცა მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა ამ ანექსიას არ აღიარებს.

უკრაინა, რომელიც თავადაც რაკეტებისა და დრონების მუდმივი თავდასხმების ქვეშ არის მოქცეული, აცხადებს, რომ ყირიმის იზოლირების გზით, მოსკოვის სამხედრო ძალისხმევის შესუსტებას ცდილობს.

ყირიმის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ქალაქ იალტაში, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 17 ადამიანი დაშავდა. რუსეთი და უკრაინა უარყოფენ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა მიზანმიმართულად ჰყავთ მიზანში ამოღებული.

ყირიმის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ევპატორიის ხელისუფლების განცხადებით, საგანგებო სამსახურებში დასარეკად, მთელ ქალაქში ტაქსოფონები დაამონტაჟეს.

„თუ ეს ტელეფონ-ავტომატები ელექტროენერგიის გათიშვის დროსაც იმუშავებენ – და იმედი მაქვს, მათი გამოყენება არავის არასოდეს დასჭირდება – მაშინ ეს ჩვენს უსაფრთხოებას კიდევ უფრო გააძლიერებს,“ – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები, მარია უშაკოვა.

ყირიმზე, რომელიც პოპულარული ტურისტული მიმართულებაა, ელექტროენერგიის გამორთვები და საწვავის დეფიციტი შეინიშნება, რაც რუსეთში მომარაგების მარშრუტებსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონებით განხორციელებული დარტყმების შედეგია. ამის გამო გაუქმდა ბავშვთა საზაფხულო ბანაკები, ხოლო კაფეებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის საათები შემცირდა.

 

სტატიის ავტორი: ბულგარეთის ეროვნული ტელევიზია (БНТ)

ფოტო: ბულგარეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო БТА-ს (Българска телеграфна агенция) არქივი

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 23 ივლისი, 2026 წელი, 12:47 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი