უიმბლდონზე მაყურებელს ნება დართეს, მობილური მოწყობილობების საშუალებით ინგლისელთა თამაშს თვალი მიადევნონ
უიმბლდონზე მაყურებელს ნება დართეს, მობილური მოწყობილობების საშუალებით ინგლისელთა თამაშს თვალი მიადევნონ

უიმბლდონის ორგანიზატორებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების წარმატებული გამოსვლის გამო, ცენტრალური კორტის ტრიბუნებზე მყოფ მაყურებელს ნება დართეს, მობილური მოწყობილობების საშუალებით თვალი მიადევნონ ინგლისელთა თამაშს, – წერს გაზეთი Times.

“დიდი სლემის” ბრიტანული ტურნირის ტრადიციისა და წესების თანახმად, კორტებსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ტელეფონები გამორთული უნდა იყოს. ამის შესახებ სტუმრებს კლუბის ტერიტორიაზე შესვლამდე აფრთხილებენ.

წესებში ცვლილება მას შემდეგ შეიტანეს, რაც ინგლისი პირველად 28 წლის შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალამდე მივიდა და 11 ივლისს, ხორვატიას შეხვდება.

“თუ გულშემატკივრები ხელს არ უშლიან სხვებს, ჩოგბურთის ყურებით სიამოვნება მიიღონ, მაშინ შეუძლიათ, ყურსასმენებით ან უხმოდ უყურონ ფეხბურთს. ამაში საშიში არაფერია”, – განაცხადა უიმბლდონის აღმასრულებელმა დირექტორმა რიჩარდ ლუისმა.

ამასთან, უიმბლდონის ორგანიზატორებმა ხაზი გაუსვეს, რომ ჩემპიონატის ფინალს არ გაუშვებენ კლუბის ტერიტორიაზე არსებულ დიდ ეკრანებზე. ეს გადაწყვეტილება იმ შემთხვევაშიც კი არ შეიცვლება, ინგლისი ფინალში რომ გავიდეს.