უიმბლდონის გათამაშება ძალიან უცნაურად დაიწყო – პირველი დღე საკმაოდ ბევრი სენსაციით აღინიშნა, რაც ყველაზე მეტად ხელს აძლევდა მსოფლიოს პირველ ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩს, რომელსაც ნაწილობრივ გაუთავისუფლდა გზა ფინალისკენ. მართალია, სერბმა ფილიპ კოლშრაიბერთან მატჩის პირველი ორი სეტი ბრეიკის წაგებით დაიწყო, მაგრამ მაინც დამაჯერებლად გაიმარჯვა სამ სეტში – 6:3, 7:5, 6:3.
ჯოკოვიჩის ორი კონკურენტი კი ბრძოლას ჩამოშორდა – წააგეს ალექსანდრ ზვერევმა და სტეფანოს ციციპასმა. ორივენი უკვე ვარსკვლავად მიიჩნევიან, მაგრამ როცა საქმე „დიდი სლემის“ ტურნირებამდე მიდის, რაღაც ისე ვერ არის.
ზვერევმა წააგო ირჟი ვესელისთან, რომელმაც კვალიფიკაცია გაიარა, ციციპასი კი დამარცხდა ტომას ფაბიანოსთან. რეალურად, ბალახის საფარი არც გერმანელს მოწონს და არც ბერძენს, მაგრამ ასე ნაადრევად არ უნდა გავარდნილიყვნენ.