15 წლის ამერიკელი კორი გაუფი – მთავარი სენსაცია უიმბლდონს მერვედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა. ვუნდერკინდმა შეძლო რუმინელი სიმონა ჰალეპისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანის გამოცდილება გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა.
ორივე სეტში ჰალეპი თავიდანვე ბრეიკით გადიოდა წინ, რასაც ამერიკელი უკუბრეიკით პასუხობდა. პირველ პარტიაში გაუფისათვის გადამწყვეტი მომენტი მეოთხე გეიმში იყო, როცა მან ორი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და ბრეიკით წინ გასვლის შანსი მიიღო, მაგრამ ჰალეპმა საფრთხე მოიგერია და შემდეგ ორჯერ აიღო მეტოქის მოწოდება.
მეორე პარტიაში ბრეიკების გაცვლის შემდეგ, რუმინელმა საბოლოო უპირატესობა მოიპოვა და საათსა და 17 წუთში გაიფორმა მეოთხედფინალის საგზური – 6:3, 6:3.