უფლებადამცველთა ინფორმაციით, მინსკში აქციაზე 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
მინსკში დემონსტრაციის დროს პოლიციამ 200-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ უფლებადამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უფლებადამცველი ცენტრის, „ვესნას“ მონაცემებით, დაკავებულია 205 ადამიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს.
ბელარუსის დედაქალაქში სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იმართება. მოქალაქეები ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც არჩევნებში გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო გამოცხადდა.