2019 წლის მარტის მონაცემებით, რუსეთში 236 პოლიტპატიმარია. მათ რიცხვში შედიან ანექსირებულ ყირიმში დაპატიმრებული პირებიც. ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში „კრემლის პოლიტიკური პატიმრები“, რომელიც უფლებადამცველ ცენტრ „მემორიალისა“ და ამერიკულ იურიდიულ კომპანია „პერსეუს სთრათეჯის“ თანამშრომლობით მომზადდა. დოკუმენტის პრეზენტაცია ვაშინგტონში გაიმართა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ხელისუფლების მხრიდან დევნის მსხვერპლი რუსეთში ყველაზე ხშირად ხდებიან პოლიტიკური აქტივისტები, პრეზიდენტ პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგეები, ასევე რელიგიური და ნაციონალური უმცირესობების წარმომადგენლები.
დოკუმენტის ავტორთა თქმით, რუსეთში პოლიტპატიმრების რაოდენობა იზრდება. უფლებადამცველ ორგანიზაცია „მემორიალის“ მონაცემებით, თუ 2015 წელს რუსეთში 46 პოლიტპატიმარი იმყოფებოდა, 2019 წელს მათი რიცხვი ხუთჯერაა გაზრდილი.
ავტორები აღნიშნავენ, რომ მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი დაპატიმრებული იყო საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლებების განხორციელებისთვის. პოლიტპატიმართა ნაწილი კი გასამართლებულია ისეთ დანაშაულებში ბრალდებების საფუძველზე, რომლებიც უფლებადამცველების თქმით, მათ არ ჩაუდენიათ.
კვლევის თანახმად, განსაკუთრებული რისკის ჯგუფს სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები წარმოადგენენ. რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ კი რუსეთში სულ უფრო ხშირად განიცდიან დევნას უკრაინის მოქალაქეები და პროუკრაინელი აქტივისტები.
ანგარიშის ავტორთა მონაცემებით, დღეს რუსეთში 54 ადამიანი პოლიტიკური, 182 კი რელიგიური მოტივით იდევნება.