უფასო ინტერნეტი უნდა იყოს თუ არა ადამიანის ძირითადი უფლება — ახალი კვლევა
უფასო ინტერნეტი უნდა იყოს თუ არა ადამიანის ძირითადი უფლება — ახალი კვლევა

თქვენ შეიძლება გარანტირებულად გაქვთ ფეისბუქსა თუ ტვიტერზე შესვლის საშუალება მაშინ, როცა გსურთ, მაგრამ დედამიწის მცხოვრები 7,7 მილიარდი ადამიანიდან დაახლოებით ნახევარს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს.

ერთ-ერთი მკვლევრის აზრით, ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა. ბირმინგემის უნივერსიტეტის ფილოსოფოსისა და გლობალური ეთიკის ლექტორი მერტენ რეგლიცი ამბობს, რომ ინტერნეტთან წვდომა ადამიანის ძირითად უფლებად უნდა გამოცხადდეს.

„ინტერნეტი უნიკალური და შეუცვლელი გზაა ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლებების გამოსახატად, როგორიცაა სიტყვისა და შეკრების თავისუფლება“, — ამბობს რეგლიცი.

მთავარი არგუმენტი კი ისაა, რომ ონლაინში ყოფნა თანამედროვე ცხოვრებისათვის უმნიშვნელოვანესია, რადგან მის გარეშე ადამიანები კარგავენ უპირატესობას, იყვნენ ინფორმირებული, მიაწვდინონ სხვებს თავიანთი ხმა, გამოხატონ ფუნდამენტური უფლებები და ა. შ.

გარდა ამისა, თუკი ადამიანებს ინტერნეტში ჩასართავად მატერიალური სახსრები არ გააჩნიათ, რეგლიცის აზრით, მათ ის უფასოდ უნდა მიეწოდოთ.

მისი აზრით, ინტერნეტი ფუფუნება კი არ არის, არამედ ადამიანის მორალური უფლებაა და ამ გლობალურ სივრცეში ყველას უნდა ჰქონდეს მასთან არაკონტროლირებადი და უცენზურო წვდომა.

„ასეთი წვდომის გარეშე, მრავალი ადამიანს ერთმევა გზა, გავლენა მოახდინოს ხელისუფლებებსა და ინსტიტუციებზე. ამ ადამიანებს კანონშემოქმედებით პროცესში უბრალოდ არ შეუძლიათ ხმის ამოღება იმ კანონის შესახებ, რომელზე დამორჩილებაც მოუწევთ და რომელიც, მათ ცხოვრებას შეცვლის“, — აღნიშნავს რეგლიცი.

იმის მაგალითად, რომ ინტერნეტს მოაქვს თავისუფლება, სამართლიანობა და უსაფრთხოება მარგინალიზებული ჯგუფებისთვის, რეგლიცს მაგალითად მოჰყავს არაბული გაზაფხული 2010-იანი წლების დასაწყისში, ბოლოდროინდელი კამპანია #MeToo და დოკუმენტური მტკიცებულებები აშშ-ში აფროამერიკელებზე მოძალადე პოლიციელების შესახებ.

რეგლიცის თქმით, ონლაინში ყოფნა ამ შესაძლებლობათა გარანტიას არ იძლევა, მაგრამ ამ კონკრეტული მოძრაობების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა სოციალური მედიისა და ზოგადად, ინტერნეტის გარეშე.

როგორც რეგლიცი თავის კვლევაში წერს, ინტერნეტი ადამიანებს „მინიმალურად თავმდაბალი ცხოვრების“ საშუალებას აძლევს, რითაც მას რაღაც ფუნდამენტურით უზრუნველყოფს, სერიალებისა თუ ფილმების ცქერის გარდა.

რეგლიცი ამავე დროს აცნობიერებს იმასაც, რომ ინტერნეტი შეიძლება ზიანისა და საზოგადოების დაშლის წყაროც იყოს, მათ შორის, თუნდაც თვალთვალი და კიბერძალადობა, მაგრამ მისი აზრით, დღევანდელ მსოფლიოში ვებთან წვდომა ნებისმიერი ადამიანისთვის მაინც ზედმეტად მნიშვნელოვანია.

ზოგიერთი ხელისუფლება ამ მხრივ ნამდვილად სწორი მიმართულებით მიდის. მაგალითად, ინდოეთის შტატმა კერალამ ინტერნეტთან უნივერსალური წვდომა ადამიანის უფლებად გამოაცხადა, ევროკავშირი კი 2020 წლისთვის ყოველი სოფლისა და ქალაქის უფასო უკაბელო ინტერნეტით უზრუნველყოფას გეგმავს.

როგორც რეგლიცი აღნიშნავს, ინტერნეტთან წვდომა სულაც არ ნიშნავს ბოლო თაობის მაღალი სიჩქარის კავშირსა თუ უსწრაფეს სმარტფონებს. ადამიანებს ინტერნეტში ყოფნა საბაზისო ტექნოლოგიებითაც შეუძლიათ.

„უნივერსალური ინტერნეტი დედამიწაზე ფასიანი არ უნდა იყოს. ისეთ პოლიტიკურ შესაძლებლობებთან წვდომა, როგორიცაა ბლოგინგი, ინფორმაციის მიღება, ვირტუალურ ჯგუფებთან შეერთება, ანდაც იმეილების მიღება-გაგზავნა სულაც არ მოითხოვს უახლეს საინფორმაციო ტექნოლოგიებს“, — ამბობს ბირმინგემის უნივერსიტეტის ფილოსოფოსი და გლობალური ეთიკის ლექტორი მერტენ რეგლიცი.

კვლევა ჟურნალ Journal of Applied Philosophy-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია birmingham.ac.uk-ის მიხედვით.