უელსის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი - მიიღეთ ჩვენი გულითადი მოლოცვა, საქართველოს ნაკრებმა საოცარ წარმატებას მიაღწია #1TVSPORT
ბორჯღალოსნებმა კარდიფში მსოფლიო რაგბის ერთ-ერთი ლიდერი, უელსის უძლიერესი ნაკრები სენსაციურად დაამარცხეს და ქართული რაგბის ისტორიაში სრულიად ახალი ფურცელი ჩაიწერა. მატჩის დარსულების შემდეგ, უელსის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და საქართველოს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა პრესკონფერენცია გამართეს.
ჯერალდ დევისი, უელსის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი: „მიიღეთ ჩვენი გულითადი მოლოცვა! გილოცავთ ამ არაჩვეულებრივ თამაშს! საქართველოს ნაკრებმა ბოლო თვეების განმავლობაში საოცარ წარმატებას მიაღწია. გისურვებთ საუკეთესო მომავალს – ასე განაგრძეთ, მაგრამ ნუ იქნებით ზედმეტად ძლიერები მსოფლიო თასზე. ჩემს გუნდს კი ვეტყვი – თქვენ კარგად ითამაშეთ და ამ მატჩში დიდი ძალისხმევა გამოიჩინეთ“.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე: „მინდა, უელსს მადლობა გადავუხადო ასეთი მასპინძლობისთვის. ეს არის საოცარი ქვეყანა, სადაც ჩამოსვლა ყოველთვის გვიხარია. ეს იყო ჩვენთვის ძალიან დიდი გამოცდილება. მადლობა ვუხდი უელსის ნაკრებს – ჩვენთვის დიდი პატივი იყო თქვენთან თამაში“.
იოსებ ტყემალაძე, საქართველოს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი: „დიდი მადლობა ამ მშვენიერი დღისთვის. მადლობა უელსის ნაკრებს. ჩვენ ეს მთელი ცხოვრება გვემახსოვრება. ჩვენ ვართ დიდი ისტორიის პატარა ქვეყანა, რომელიც ძალიან რთულ რეგგიონში მდებარეობს. დღევანდელი დღე კი სწორედ იმის დადასტურებაა, რომ ისტორიულად ჩვენ ამ ოჯახის ნაწილი ვართ. ყველას გვთხოვთ, მოგვეცით საშუალება, რომ ასეთი მაღალი დონის თამაშები ასეთ ატმოსფეროში ჩავატაროთ, რომ რაგბის განვითარებაში ერთად შევიტანოთ წვლილი. აი, უელსელემა ბიჭებმა თამაში წააგეს, მაგრამ მატჩის დასრულების შემდეგ ჩვენს მორაგბეებს გადაეხვივნენ და გამარჯვება მოულოცეს. მთელი მსოფლიო ასე უნდა იქცეოდეს. თამაშის დასრულების შემედგ, ჩემი კოლეგა იღიმოდა და გვილოცავდა. ეს არის სწორედ ის, რაც თანამედროვე სამყაროს სჭირდება. საქართველოს სურს, რომ დაამტკიცოს – ჩვენ ისტორიულად შეგვიძლია კარგი თამაში და სიხარულის ყველასთან ერთად გაზიარება“.