უელსი საქართველოს გადახალისებული შემადგენლობით ხვდება - მატჩის წინათქმა | შემოდგომის ერთა თასი
უელსი საქართველოს გადახალისებული შემადგენლობით ხვდება - მატჩის წინათქმა | შემოდგომის ერთა თასი

„შემოდგომის ერთა თასის“ მეორე შეხვედრაში ლევან მაისაშვილი და საქართველოს მორაგბეთა ნაკრები უეინ პივაკს და მის „დრაკონებს“ დაუპირისპირდებიან, რომლებსაც უკვე ექვსი მატჩია არ მოუგიათ და მსოფლიო რეიტინგშიც უჩვეულოდ დაბალ, მეცხრე პოზიციას იკავებენ. ბოლოს ასე დაბლა უელსელები 2012 წელს იყვნენ. არადა, ზუსტად ერთი წლის წინ „დრაკონები“ რეიტინგს ლიდერობდნენ.

პივაკმა წინა ტურში ირლანდიასთან წაგებული მატჩის შემდეგ 13 მორაგბე შეცვალა. ნაკლები ცვლილებაა „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობაში – ლევან მაისაშვილი გუნდის ბირთვს ენდობა და „პარკ ი სკარლეტსის“ მოედანზე გამოცდილ მორაგბეებთან ერთად კვლავ არაერთ ახალგაზრდას ვიხილავთ.

ისტორია

გუნდები ბოლოს ერთმანეთს 14 თვის წინ, მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდნენ და ის მატჩი უელსმა დიდი სხვაობით, ანგარიშით 43:14 მოიგო, თუმცა მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ორივე გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – უორენ გეთლენდი უეინ პივაკმა შეცვალა, მილტონ ჰეიგი კი ლევან მაისაშვილმა. ბევრი ახალი სახეა შემადგენლობაშიც – ბოლო დაპირისპირებიდან მხოლოდ წელიწადზე ოდნავ მეტი დრო გავიდა, მაგრამ უელსის ნაკრების პირველი თხუთმეტეულიდან მოედანზე დღეს მხოლოდ ხუთ კაცს ვიხილავთ, ხოლო საქართველოს ნაკრებში კი სასტარტო შემადგენლობის ნახევარზე მეტია შეცვლილი. პივაკი აქტიურად ეძებს ახალგაზრდებს, რომლებიც უელსის ნაკრების უკვე მობერებულ ლიდერებს შეცვლიან და „შემოდგომის ერთა თასის“ მეორე შეხვედრას სწორედ ამისთვის გამოიყენებს.


მანამდე, „ბორჯღალოსნები“ და „დრაკონები“ ერთმანეთს ერთადერთხელ, 2017 წლის ნოემბერში, „პრინსიპალითი სთედიუმზე“ შეხვდნენ და მასპინძლებმა დრამატულ შეხვედრაში ანგარიშით 13:6 იმარჯვეს. ქართველ გულშემატკივარს კარგად ახსოვს, რომ ბოლო წუთებზე შერკინებაში მიწოლა აიკრძალა, არადა ქართველი მორაგბეები მეტოქის ლელოსთან ახლოს იყვნენ და ამ კომპონენტში დომინირებდნენ.

შემადგენლობა

უელსი

პივაკმა ნიჭიერი, მაგრამ გამოუცდელი უკანახაზი შეარჩია და იმედი აქვს, რომ დიდხნიანი პაუზის შემდეგ პირველ გამარჯვებას მოიპოვებს. უელსი გასულ კვირაში ირლანდიის 22 მეტრიან ზონაში ექვსჯერ შევიდა და ქულა ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოიპოვა. შესაბამისად, კალუმ შიდი, ნიკ ტომპკინსი და ლუის რის-ზამიტი შეეცდებიან, რომ ქართველებთან მოსალოდნელი სისწრაფეში უპირატესობა ქულებშიც ასახონ.

არ არის გასაკვირი, რომ ძირითად შემადგენლობაში გამოცდილი პირველ ხაზელები – ვინ ჯოუნსი, ელიოტ დი და სამსონ ლი იწყებენ. როგორც ჩანს, პივაკს ახსოვს 2017 წლის მატჩი და ის პრობლემები, რომელიც მაშინ გამოუცდელ უელსელ მორკინალებს ჰქონდათ.

საგულისხმოა, რომ 23 კაციან შემადგენლობაში ოთხი დებიუტანტია – ჯეიმს ბოთემი, ქირენ ჰარდი, ჰონი ვილიამსი და იოან ლოიდი. „დრაკონებს“ ჯასტინ ტიპურიკი უკაპიტნებს – მესამეხაზელი იმ მორაგბეებშია, ვინც წინა მატჩიც ძირითად შემადგენლობაში ჩაატარა. გამოცდილი მეორეხაზელი და უელსელთა ძირითადი კაპიტანი ალუნ ვინ ჯოუნსი „ბორჯღალოსნებთან“ არ ითამაშებს.

საქართველო

ლევან მაისაშვილმა ინგლისთან მატჩის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ხუთი მორაგბე შეცვალა. უკანახაზში ძირითად შემადგენლობაში ორი გამოცდილი მორაგბე – სანდრო თოდუა და ვასილ ლობჟანიძე დაბრუნდნენ. თხუთმეტეულში არიან ჯაბა ბრეგვაძე და ოთარ გიორგაძეც, ხოლო კოტე მიქაუტაძე ნაკრებს ტრავმით დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და მეორე ხაზში გრიგორ ქერდიყოშვილთან ერთად დადგება.

მიუხედავად იმისა, რომ შემადგენლობის მნიშვნელოვან ნაწილს საერთაშორისო ასპარეზზე თამაშის საკმაო გამოცდილება აქვს, კომბინაციები ახალია – პირველ ხაზელები ერთად მეორედ იწყებენ, მეორეხაზელები პირველად. მსგავსი მდგომარეობაა უკანა ხაზშიც – შარიქაძე და კვესელაძე ცენტრში ერთმანეთს მესამედ შეუწყვილდებიან.

მოლოდინი

უეინ პივაკმა ღიად განაცხადა, რომ ამ შეხვედრას მომავლის დასაგეგმად გამოიყენებს და 2023 წლის მსოფლიო თასისთვის გუნდის შენებას სწორედ საქართველოსთან მატჩით იწყებს. უელსელები ახალგაზრდა მორაგბეებს შანსს და საერთაშორისო დონეზე თამაშის გამოცდილებას აძლევენ, რათა რიგ პოზიციებზე კონკურენცია გააღრმავონ.

„ბორჯღალოსნები“ პირველ ორ მატჩში მიღებული გაკვეთილების შემდეგ შეეცდებიან თამაში უკეთ მართონ და მეტი დრო გაატარონ როგორც ბურთთან, ისე შეტევით პოზიციებზე. მნიშვნელოვანია იმის გახსენება, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ უელსი მსოფლიოს პირველი გუნდი იყო და მათგან შესაბამის თამაშს უნდა ველოდეთ. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისთვის ეს მესამე მატჩია და მოსალოდნელია, რომ იქნება უკეთესობა როგორც შეთამაშების, ისე წინასწარ დაგეგმილი სქემების შესრულების მხრივ.

საინტერესო ფაქტები

  • უელსელთა რვა უკანახაზელიდან ექვსი ძირითად შემადგენლობაში პირველად თამაშობს.
  • საქართველოს და უელსს „შემოდგომის ერთა თასის“ პირველ ტურში ბოჭვების შესრულების საუკეთესო – 91%-იანი ეფექტურობა ჰქონდათ.
  • აკაკი ტაბუცაძემ წელს „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობაში ხუთი ლელო დადო და საერთაშორისო დონეზე საუკეთესო მელელოვის სტატუსს ფრანგ შარლ ოლივონთან იყოფს.
  • ტურნირის წინა მატჩში (ირლანდიასთან და ინგლისთან, შესაბამისად) შერკინებაში ორივე გუნდი ოთხჯერ დაჯარიმდა.

უელსი

15. ლიამ ვილიამსი, 14. ჯონი მაკნიკოლი, 13. ნიკ ტომპკინსი, 12. ჯონი ვილიამსი, 11. ლუის რის-ზამიტი, 10. ქალუმ შიდი, 9. ქირენ ჰარდი, 8. აარონ უეინვრაითი, 7. ჯასტინ ტიპურიკი (კაპ.), 6. ჯეიმს ბოთემი, 5. სებ დევისი, 4. ჯეიქ ბოლი, 3. სამსონ ლი, 2. ელიოთ დი, 1. ვინ ჯოუნსი;

​მარქაფა: 16. სემ პერი, 17. ნიკი სმიტი, 18. ლეონ ბრაუნი, 19. ქორი ჰილი, 20. ჯეიმს დევისი, 21. რის ვები, 22. იოან ლოიდი, 23. ჯონა ჰოლმსი;

საქართველო

15. ლაშა ხმალაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე, 8. ბექა გორგაძე, 7. ბექა საღინაძე, 6. ოთარ გიორგაძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 4. გრიგორ ქერდიყოშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 1. მიხეილ ნარიაშვილი;

​მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ლექსო ყაულაშვილი, 19. ლაშა ჯაიანი, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გელა აფრასიძე, 22. დემურ თაფლაძე, 23. თამაზ მჭედლიძე.

მატჩი თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება.