უეფას ვერსიით წლის მოთამაშის ნომინაციაში ლევანდოვსკი, ნოიერი და დე ბრუინი მოხვდნენ
უეფამ წარმოადგინა ნომინანტები 2019-20 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე.
ჯილდოსთვის იბრძოლებენ „ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი, „მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი და „ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერი.
32 წლის ლევანდოვსკიმ გასულ სეზონში გუნდთან ერთად ჰეთ-თრიკი შეასრულა – მოიგო ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და ჩემპიონთა ლიგა. ფორვარდმა 47 ოფიციალურ მატჩში 55 გოლი გაიტანა, 15 გოლით კი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ლევანდოვსკის თანაგუნდელმა 34 წლის ნოიერმა გასულ სეზონში მხოლოდ ერთი მატჩი გამოტოვა, ჩემპიონთა ლიგაზე კი ექვსი „მშრალი“ მატჩი ჩაატარა.
29 წლი დე ბრუინი ევროპის საუკეთესო ასისტენტი გახდა – ინგლისის ჩემპიონატში 20 შედეგიანი პასი შეასრულა. მან გაიმარჯვა ინგლისის ლიგის თასზე.
ნომინანტთა სია შეადგინა ჟიურიმ, რომელშიც შევიდა 2019-20 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილე 80 გუნდის მწვრთნელი, აგრეთვე, 55 ჟურნალისტი.
გასული სეზონის TOP10 ფეხბურთელს შორის ასევე მოხვდნენ:
- ლიონელ მესი (ბარსელონა) – 53 ქულა
- ნეიმარი (პარი სენ-ჟერმენი) – 53
- თომას მიულერი (ბაიერნი) – 41
- კილიან მბაპე (პარი სენ-ჟერმენი) – 39
- ტიაგო ალკანტარა (ბაიერნი) – 27
- ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი) – 26
- კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი) – 25
გამარჯვებული გამოვლინდება პირველ ოქტომბერს, ნიონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის დროს.