უეფას თბილისში მომხდარი ინციდენტის გამოძიებას სთხოვენ
უეფას თბილისში მომხდარი ინციდენტის გამოძიებას სთხოვენ

ტვინის დაზიანების საკითხებში საქველმოქმედო ორგანიზაცია ჰედვეი (Headway) უეფასგან მოითხოვს, გამოძიებულ იქნას თბილისში მომხდარი ინციდენტი, რომლის დროსაც შვეიცარიელმა ფეხბურთელმა ფაბიან შერმა გონება დაკარგა.

23 მარტს, საქართველოსა და შვეიცარიის ეროვნულ გუნდებს შორის ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე მიმდინარე მატჩის 24-ე წუთზე შვეიცარიელების მიერ ჩაწოდებულ კუთხურს საქართველოს ნაკრების საჯარიმოში საჰაერო ბრძოლა მოჰყვა, რის დროსაც ჯემალ ტაბიძე და ფაბიან შერი თავებით შეეჯახნენ ერთმანეთს.

შედეგად ჯემალ ტაბიძეს თავი გაუტყდა, ფაბიან შერმა კი რამდენიმე წუთით გონება დაკარგა.

ზემოხსენებული ორგანიზაციის თქმით, აშკარა ტვინის შერყევის შემდეგ ფეხბურთელისთვის თამაშის გაგრძელება არ შეიძლებოდა, მწვრთნელებმა კი ის მოედანზე მატჩის დასრულებამდე დატოვეს.

ჰედვეის ხელმძღვანელი პიტერ მაკკეიბი აცხადებს, რომ ეს ყოვლად დაუშვებელია.

„რა უნდა მოხდეს კიდევ, რომ ფეხბურთში მომუშავე ადამიანებმა ტვინის შერყევა სერიოზულად აღიქვან?“ – სვამს კითხვას მაკკეიბი, – „კიდევ რამდენი ფეხბურთელის კარიერა ან, რაც უფრო უარესია, სიცოცხლე უნდა დასრულდეს ნაადრევად იმის გამო, რომ სპორტში ელემენტარულ პროტოკოლს არ სცემენ პატივს? ყველაფერი მარტივია: ფაბიან შერის მოედანზე დატოვება იყო არა მხოლოდ უკიდურესად სახიფათო, არამედ ვალდებულებების უგულებელყოფა. თავად ფეხბურთელის კომენტარი მატჩის შემდეგ ასევე დასაფიქრებელია და ნათლად აჩვენებს, რომ არც მოთამაშეებს აქვთ გააზრებული მსგავსი ინციდენტების სიმძიმე“.

შეგახსენებთ, რომ ფაბიან შერს მატჩის შემდეგ შეჯახების მომენტი გამეორებით აჩვენეს, მან კი განაცხადა: „არაფერი მახსოვს. რა საშინელებაა. თავის ქალა ისევ მიზანზარებს და კისერი მტკივა, მაგრამ არაფერს ვნანობ“.

მატჩი შვეიცარიის ნაკრების გამარჯვებით, 0-2 დასრულდა.