უეფას აღმასკომის წევრმა არმან დუკამ განაცხადა, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ და „ლიონი“ შეძლებენ ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლის გაგრძელებას იმის მიუხედავად, რომ საფრანგეთში სეზონი ვადაზე ადრე დასრულდა და ქვეყანაში ყველანაირი სპორტული ტურნირის ჩატარება სექტემბრამდე აიკრძალა. პსჟ ლიგის მეოთხედფინალშია გასული, „ლიონს“ კი „იუვენტუსთან“ განმეორებითი მერვედფინალი აქვს სათამაშო.
„მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ჩემპიონატები დასრულდეს. ყოველ შემთხვევაში ეს ის მოთხოვნაა, რომელიც უეფამ წამოაყენა. თუმცა, ეს დამოკიდებულია ყოველ ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე. ზოგიერთებმა უკვე გადაწყვიტეს, რომ არ განაახლონ სეზონი, მაგრამ უეფა გადაწყვეტს, ითამაშებენ თუ არა კლუბები ევროთასებზე.
უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ თითოეული ფედერაციისთვის, რომელმაც თავისი ჩემპიონატი გააუქმა, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც გადაწყვეტს – ითამაშებს თუ არა ევროთასებზე კონკრეტული გუნდი. ვფიქრობ, „პარი სენ-ჟერმენი“ და „ლიონი“ ჩაამთავრებენ ჩემპიონთა ლიგას, თუნდაც, ნეიტრალურ მოედნებზე მოუწიოთ თამაში“, – თქვა დუკმა.
უფრო ადრე, „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა ნასერ ელ-ჰელაიფიმ განაცხადა, რომ მისი გუნდი მზად არის თავისი მატჩები ჩემპიონთა ლიგაზე საზღვარგარეთ ჩაატაროს და არა პარიზში.