ოფიციალურად - ევროპის ჩემპიონატი 2021 წლის ზაფხულში გაიმართება
ოფიციალურად - ევროპის ჩემპიონატი 2021 წლის ზაფხულში გაიმართება

20:37

დღის შეჯამება:


  • ევროპის ჩემპიონატი ერთი წლით გადაიდო – დეტალურად იხილეთ აქ.
  • კოპა ამერიკა ევროპის ჩემპიონატის მსგავსად მომავალ წელს გაიმართება.
  • მარტის ამხანაგურმა მატჩებმა და ევრო 2020-ის პლეი-ოფებმა ივნისში გადაინაცვლა.
  • საქართველო – ბელარუსის 26 მარტის მატჩზე დასასწრები ბილეთების მქონე ადამიანებს, შეუძლიათ შეინარჩუნონ ბილეთები და კონკრეტული თარიღის დანიშვნის შემდეგ, არსებული ბილეთით დაესწრონ მატჩს.
  • ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის პლეი-ოფის მატჩები სავარაუდოდ ერთი თვით გადაიდო.
  • საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ტოკიოს ზაფხულის თამაშების გადადებას არ გეგმავს.
  • „როლან გაროსი“ 20 მაისის ნაცვლად 20 სექტემბერს დაიწყება.

დღის მიმოხილვა:


19:59

მორიგი დიდი სპორტული ღონისძიება, რომელიც კორონავირუსის გამო გადაიდო საფრანგეთის ღია პირველობაა. თავდაპირველად, „როლან გაროსი“ 20 მაისს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ოფიციალურ „ტვიტერზე“ გავრცელებული ინფორმაციით შემოდგომაზე გაიმართება. ტურნირი 20 სექტემბერს დაიწყება და 4 ოქტომბერს დასრულდება.


19:54

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (სოკ) საკუთარ ვებგვერდზე შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს:

„სოკ-ი სრულად არის ჩართული ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის თამაშების ორგანიზების პროცესში. ღონისძიებამდე ოთხ თვეზე მეტია დარჩენილი და ამ ეტაპზე არ არის რადიკალური გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობა. ნებისმიერი სპეკულაცია კონტრ-პროდუქტიული იქნება. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ყველა ათლეტს ურჩევს განაგრძონ თამაშებისთვის მომზადება.“


19:03

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ერთა თასის პლეი-ოფის შესახებ განცხადებას ავრცელებს – „საქართველო – ბელარუსის 26 მარტის მატჩზე დასასწრები ბილეთების მქონე ადამიანებს, შეუძლიათ შეინარჩუნონ ბილეთები და კონკრეტული თარიღის დანიშვნის შემდეგ, არსებული ბილეთით დაესწრონ მატჩს.“


18:50 

უეფას ოფიციალური განცხადება ქართულ ენაზე.


18:10 

ის, რაც უკვე დიდი ხანია ვიცით – უეფამ ევროპის ჩემპიონატის გადადება ოფიციალურად დაადასტურა. ინფორმაცია ორგანიზაციის  ვებგვერდზე გავრცელდა.


18:07

არაოფიციალური ინფორმაციით, უეფა ჩემპიონთა ლიგის 2019-20 წლების გათამაშების პლეი-ოფს არ გააუქმებს, მაგრამ გადადებს. ვარაუდობენ, რომ ტურნირის ფინალი 27 ივნისს გაიმართება. ევროპის ლიგის ფინალური დაპირისპირება სამი დღით ადრე, 24 ივნისს შედგება.


18:05

კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური „ტვიტერის“ მიხედვით,  ევრო 2020-ის პლეი-ოფის ნახევარფინალები 2 ივნისს გაიმართება, ფინალები – 6 ივნისს.


18:02

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფი, სავარაუდოდ ივნისში გაიმართება.


18:00

შეგახსენებთ წლის მთავარ სპორტულ სიახლეს – ევროპის ჩემპიონატი 2021  წლის ზაფხულში გაიმართება. უეფას აღნიშნული გადაწყვეტილება ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუმცა ნორვეგიის საფეხბურთო ასოციაციამ განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატი 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. „ინდეპენდენტის“ (TheIndependent) ინფორმაციით, „კოპა ამერიკა“-ც 2021 წელს გაიმართება.


17:43

ოფიციალურად – „კოპა ამერიკა“ 2021 წელს გაიმართება. – „ინდეპენდენტი“ (TheIndependent)


17:19

ბრაზილიური„გლობო ესპორტე“-ს (Globo Esporte) მიხედვით, „კოპა ამერიკა“ შესაძლოა ევროპის ჩემპიონატის მსგავსად 2021 წელს გაიმართოს. ტურნირი 12 ივნისს, ბუენოს აირესში უნდა დაწყებულიყო.


16:58

ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის მატჩები, მათ შორის საქართველოსა და ბელარუსის დაპირისპირება, ერთა ლიგის ახალი გათამაშების დაწყებამდე, სავარაუდოდ მიმდინარე წლის ზაფხულში გაიმართება.


16:40

ნორვეგიის საფეხბურთო ასოციაციამ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაადასტურა, რომ ევროპის ჩემპიონატი 2021 წელს, 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით გაიმართება.


16:31

ნორვეგიის საფეხბურთო ასოციაციაა აცხადებს, რომ უეფამ ევრო 2020 გადადო. ტურნირი 2021 წლის 11 ივნისსა და 11 ივლისს შორის გაიმართება. დამატებითი ინფორმაცია უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი. – წყარო – „ინდეპენდენტი“ (TheIndependent)


15:01

შეწყდება თუ არა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გათამაშება, როდის გაიმართება ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩები, რომელიც ჯერ კიდევ კალენდრის მიხედვით მარტის ბოლო არის დაგეგმილი და გადაიდება თუ არა საიუბილეო ევროპის ჩემპიონატის ფეხბურთში? ეს ფეხბურთის გულშემატკივრების მთავარი შეკითხვებია, რომელსაც პასუხი დღეს, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ უნდა გასცეს. უეფა-ს ოფიციალურ გადაწყვეტილებამდე, თბილისის დროით 16:00 საათზე უპრეცედენტო ვიდეოკონფერენცია შედგება, რომელშიც ორგანიზაციის წევრი 55 ფედერაციის წარმომადგენელი იქნება ჩართული. სწორედ ამ ვიდეოკონფერენციის შემდეგ გაირკვევა რეალურად ,როდის დაბრუნდება უეფა-ს ეგიდით საფეხბურთო მატჩები ევროპის სტადიონებზე.

ამ დროისთვის, ევროპული მედიის ინფორმაციით, განიხილება რამდენიმე ვერსია. მათ შორის – ევროტურნირების ნახევარფინალური ეტაპზე გასულმა კლუბებმა, შესაძლოა მაისში სწორედ იმ ქალაქში გადაინაცვლონ, სადაც ფინალური შეხვედრებია დაგეგმილი. ამ შემთხვევაში, ევროპა ლიგის ნახევარფინალური მატჩები და ფინალი ოთხდღიან პერიოდში, პოლონეთის ქალაქ გდანსკში შეიძლება შედგეს. ჩემპიონთა ლიგის შემთხვევაში კი, თურქეთის ქალაქ სტამბოლში. ამ ფორმატის რეალობად ქცევა იოლი ნამდვილად არ იქნება, რადგან ამ ეტაპისთვის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ველა მეოთხედფინალისტი გამოვლენილი არ არის.

რაც შეეხება ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატს, რომელიც მთელი ევროპის მასშტაბით 12 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით არის დაგეგმილი – ერთ-ერთი ვერსიით, უეფა საიუბილეო ჩემპიონატს ან მიმდინარე წლის დეკემბერში გამართავს ან ევროპის ჩემპიონატის დაწყება მომავალი წლის ზაფხულისთვის გადაიდება. წინასწარი პროგნოზით, ევროპის ჩემპიონატი მიმდინარე წლის ზაფხულში აღარ გაიმართება და შესაბამისად, 26 მარტს დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის რვავე შეხვედრა, მათ შორის საქართველო-ბელარუსი გადაიდება. მიზეზი მთელ მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გაზრდილი მასშტაბები და ქვეყნების მიერ დაწესებული შეზღუდვებია. ბევრ ქვეყანაში, როგორც სახმელეთო, აგრეთვე საჰარო მიმოსვლა შეჩერებულია. გავრცელებული ინფორმაციით, იტალიისა და რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციებმა, უეფა-ს უკვე მიმართეს ევრო 2020-ის გადადების მოთხოვნით. სააგენტო როიტერის ინფორმაციით, ევრო 2020-ის ერთ-ერთ მასპინძელ კოპენჰაგენში, უეფა-მ უკვე გააუქმა სასტუმროების ჯავშანი.

დატოვე კომენტარი