უეფა ოფიციალური განცხადებით ადასტურებს, რომ ევროპის ჩემპიონატი 2021 წელს გაიმართება და ახლანდელი პრიორიტეტი შიდა ჩემპიონატების დასრულებაა
უეფა ოფიციალური განცხადებით ადასტურებს, რომ ევროპის ჩემპიონატი 2021 წელს გაიმართება და ახლანდელი პრიორიტეტი შიდა ჩემპიონატების დასრულებაა

უეფა-მ ოფიციალური განცხადება გაავრცელა – ევროპის ჩემპიონატი 2021 წლის ზაფხულში ჩატარდება და ახლანდელი პრიორიტეტი ქვეყნების შიდა ჩემპიონატის დასრულებაა.

„პრიორიტეტს ვანიჭებთ შიდა ტურნირების დასრულებას. შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის მიმდინარე სეზონში დასრულების შესაძლებლობას.“

უეფა-ში დღეს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ორგანიზაციის უმთავრესი ტურნირი – ევროპის ჩემპიონატი, რომელიც წელს, ივნისსა და ივლისში უნდა გამართულიყო, ერთი წლით გადაეტანათ.

„მოთამაშეების ჯანმრთელობა უმთავრესი პრიორიტეტია. გადაწყვეტილება, ასევე მოგვცემს საშუალებას, რომ ეროვნული სახელმწიფო სამსახურები, რომლებიც უზრუნველყოფენ ტურნირის ჩატარებას, არასასურველი ზეწოლისგან გავათავისუფლოთ. ეს ნაბიჯი დაგვეხმარება, ბოლომდე მივიყვანოთ შიდა შეჯიბრებები, რომლებიც ახლა პანდემიის გამო შეჩერებულია.

უეფა-ს ყველა შეჯიბრი და მატჩი (ამხანაგური შეხვედრების ჩათვლით) კლუბებისა და ეროვნული გუნდებისთვის, როგორც ქალთა, ასევე კაცთა ფეხბურთში გადადებულია მომავალ განხილვამდე.

უეფა-2020-ის პლეი ოფის მატჩები და საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრები, რომლებიც მარტის ბოლომდე იყო დაგეგმილი, ახლა ივნისის დასაწყისში გაიმართება, თუმცა შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით“. – ვკითხულობთ უეფა-ს ოფიციალურ განცხადებაში.