ევრო 2020-ის პლეი ოფის შეხვედრები, მათ შორის, საქართველო-ბელარუსი გადაიდო, თამაშები სავარაუდოდ ივნისში გაიმართება
ევრო 2020-ის პლეი ოფის შეხვედრები, მათ შორის, საქართველო-ბელარუსი გადაიდო, თამაშები სავარაუდოდ ივნისში გაიმართება

ევრო 2020-ის პლეი ოფის შეხვედრები, რომელიც 26 მარტს უნდა გამართულიყო, აღარ შედგება – ეს უეფა-ს (UEFA) ვიდეოკონფერენციაზე გადაწყდა, რომელიც საგანგებო რეჟიმში გაიმართა.

საგანგებო თათბირში ორგანიზაციის წევრი 55 ეროვნული ასოციაციის წარმომადგენელი იყო მიწვეული, მათ შორის – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობაც. ვიდეო კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ ევროპული კლუბების ასოციაციის გამგეობის, ევროპული ლიგებისა და FIFPro-ს (მოთამაშეთა კავშირის) წარმომადგენლები. მათ არსებული ვითარება განიხილეს და იმსჯელეს, როდის გამართულიყო ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპული საკლუბო და სანაკრებო ტურნირები.

უეფა-ში დღეს ევრო 2020-ის პლეი ოფის შეხვედრები გადადეს. ევროპის ჩემპიონატი მიმდინარე წლის ზაფხულში აღარ გაიმართება – შესაბამისად, 26 მარტს დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის რვავე შეხვედრა, მათ შორის, თბილისის „დინამო არენაზე“ გასამართი საქართველო-ბელარუსის მატჩი გადაიდო.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, სავარაუდოდ თამაშები ივნისში გაიმართება. წინადადებას წინააღმდეგობა არც ერთი ეროვნული ასოციაციის წარმომადგენელმა არ გაუწია. თუმცა, ეს გადაწყვეტილება უეფა-ს აღმასკომმა უნდა დაამტკიცოს და რაც მთავარია – ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, ამ დროისთვის კორონავირუსის პანდემია ჩამცხრალი იქნება თუ არა.

მიზეზი მთელ მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გაზრდილი მასშტაბები და ქვეყნების მიერ დაწესებული შეზღუდვებია. ბევრ ქვეყანაში, როგორც სახმელეთო, აგრეთვე საჰარო მიმოსვლა შეჩერებულია.