უეფამ შეიძლება ჩემპიონთა ლიგაზე და ევროპის ლიგაზე „რვათა ფინალის“ ფორმატი შეინარჩუნოს
უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა გამოაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია მოლაპარაკებებს აწარმოებს „რვათა ფინალის” ფორმატის შესანარჩუნებლად, რომელიც 2019-20 წლების სეზონში კორონავირუსის გამო შეწყვეტილი ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის დასასრულებლად გამოიყენეს.
„შემიძლია ვთქვა, რომ ერთმატჩიანი დაპირისპირების სისტემა უფრო საინტერესოდ მეჩვენება, ვიდრე ორმატჩიანი ფორმატი.
„რვათა ფინალი“ – ერთ-ერთი საინტერესო აღმოჩენაა, რომელიც პანდემიამ მოიტანა. ჩვენ მოგვიწია ამგვარი ფორმატის შექმნა. იძულებულნი ვიყავით ასე გვეთამაშა, მაგრამ, საბოლოოდ, ძალიან საინტერესო სისტემა მივიღეთ.
დღეისთვის საკმაოდ რთულია კალენდარში „რვათა ფინალის“ შემოტანა. მაგრამ ჩვენ დავინახეთ, რომ ხალხს სჭირდება დაძაბული მატჩები. ჩემპიონთა ლიგის ან ევროპის ლიგის ერთ მატჩში ნებისმიერს შეუძლია გამარჯვება. ასე რომ, მომავლისთვის შეიძლება ამაზე დაფიქრება. ვფიქრობ, სექტემბერში ან ოქტომბერში ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ ამას.
თუნდაც შემცირდეს მატჩების რაოდენობა, მათი ღირებულება გაიზრდება, თუ ორგანიზება სათანადო დონეზე იქნება. ჩემი მეგობრები საფეხბურთო და არასაფეხბურთო სფეროდან აღფრთოვანებულნი არიან ასეთი ფორმატით, რადგან ძალიან ცოტა ადგილი აქვს ტაქტიკას.
ერთი კვირის განმავლობაში, ტურნირი მთელს მსოფლიოში ყურადღების ცენტრში იყო და ეს ფანტასტიკურია, მაგრამ ვნახოთ. კალენდარი ძალიან მჭიდროა, ფეხბურთელები წელიწადში თითქმის 365 დღე თამაშობენ. თუ გადავწყვეტთ, მაშინ უნდა მოვიფიქროთ, როგორ მოვახდინოთ რეალიზაცია.
ასეა თუ ისე, ეს საინტერესო ფორმატია, რომელზეც ადრე არ გვიფიქრია, ახლა კი ის გონებაში ჩაგვებეჭდა. ასე რომ, დავიწყებთ მის განხილვას, როცა შევიკრიბებით“, – განაცხადა უეფას პრეზიდენტმა.