უეფა - საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგაზე მიღებული ჯილდო ქველმოქმედებაზე დახარჯა
უეფა - საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგაზე მიღებული ჯილდო ქველმოქმედებაზე დახარჯა

ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიღებული ფულადი ჯილდო საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ქველმოქმედებაზე დახარჯა, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირი (უეფა) ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, საფეხბურთო ნაკრების წევრებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 300 000 ლარის ოდენობით ფულადი ჯილდო, რომელიც ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მოგებისთვის მიიღო, სამ საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაერიცხა. თანხა მიიღო ბავშვთა ჰოსპისმა „ციცინათელას ქვეყანა“, „ბერი ანდრია პირველწოდებულის ფონდმა“ და „საქართველოს სოლიდარობის ფონდმა“.

„ამ სამმა ორგანიზაციამ მიიღო ის თანხა, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, საქართველოს ნაკრების ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებული გამოსვლისთვის მიიღო. პრიზის ნაწილი ბონუსის სახით დაერიცხათ საფეხბურთო ნაკრების წევრებს, ნაწილი კი ქველმოქმედებაზე დაიხარჯა“, – ნათქვამია „უეფა“-ს ვებგვერდზე.

„ეს იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთობლივი გადაწყვეტილება. ეს სამი საქველმოქმედო ორგანიზაცია საქართველოში წლებია მუშაობს, ეხმარება ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებს. მჯერა, რომ ყველა ინსტიტუტის საქმიანობისა და მთლიანად საზოგადოების შეფასების მთავრი კრიტერიუმი არის სოციალური სარგებელი, რომელიც მათ შეუძლიათ გაიღონ მათთვის, ვისაც დახმარება სჭირდება“, – განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.