უეფა-ს წერილი საქართველოზე - ფეხბურთის განვითარების პროგრამამ შედეგები უკვე მოიტანა
უეფა-ს წერილი საქართველოზე - ფეხბურთის განვითარების პროგრამამ შედეგები უკვე მოიტანა

საქართველოში ბავშვთა ფეხბურთის განვითარების შესახებ სტატია უეფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მიუხედავად იმისა, რომ ევრო 2020 მომავალ წლამდე გადაიდო, უეფა-მ უკვე დაიწყო იმ ფინანსური ვალდებულებების შესრულება, რომლებიც „ჰეტ-ტრიკის“ პროგრამის 2020-24 წლების ციკლით არის გათვალისწინებული. „ჰეტ-ტრიკი“ არის ფეხბურთის განვითარების პროგრამა, რომლის მეშვეობითაც უეფა ევროპის ჩემპიონატიდან მოპოვებული შემოსავლის ნაწილს თავის წევრ ასოციაციებს ურიცხავს.

უეფამ დაიწყო სტატიების სერიის გამოქვეყნება, სადაც წარმოადგენს სხვადასხვა ეროვნული ასოციაციის მიერ „ჰეტ-ტრიკის“ დაფინანსებით განხორციელებულ პროექტებს. ამჯერად ყურადღება გაამახვილეს ფეხბურთის განვითარების პროგრამაზე, რომელსაც საქართველო წარმატებით ახორციელებს.

„2014 წელს ამოქმედდა უეფა-ს ელიტური ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების პროგრამა, რომელიც პირველ ეტაპზე ოთხ საპილოტე ასოციაციას – სომხეთს, ბელარუსს, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებაში ეხმარება. უეფა-ს დახმარებით ამ ოთხ ქვეყანაში ჩამოყალიბდა ეროვნული აკადემიების სტრუქტურა, სადაც ყურადღება გამახვილებულია ასოციაციას, სკოლებსა და კლუბებს შორის მყარი კავშირების ჩამოყალიბებაზე და ამგვარად, ფეხბურთისა და განათლების ერთმანეთთან მკაფიოდ დაკავშირებაზე. კონკრეტული პროგრამები მორგებული იქნა თითოეული ასოციაციის საჭიროებებზე. ისინი მოიცავენ მკაფიოდ ჩამოყალიბებულ ფილოსოფიას, ფიზიკურ, ტაქტიკურ და დიეტოლოგიურ სისტემებს, ისევე როგორც ფეხბურთელთა განვითარებაზე მიმართულ მოქმედების გეგმას“, – წერია უეფა-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.

„აღსანიშნავია, რომ„ჰეტ-ტრიკის“ პროგრამის ფარგლებში მიღებულ თანხებსა და განხორციელებულ პროექტებს ჩვენთვის ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში იყო ინფრასტრუქტურის ნაკლებობა იმ მიზნების განსახორციელებლად, რომლებიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას თავისთვის აქვს დასახული. „ჰეტ-ტრიკის“ ბოლო ციკლის საინვესტიციო პროექტის კომპონენტით ჩვენ გავხსენით რუსთავის ტექნიკური ცენტრი, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ცენტრალური აკადემიის ადგილსამყოფელს. საქართველოში ელიტური ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებისთვის ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით გვესაჭიროება მსგავსი ინფრასტრუქტურა. „ჰეტ-ტრიკის“ პროგრამიდან მიღებული დაფინანსება ჩვენ გვაძლევს საშუალებას, მსგავსი პროექტები ყოველწლიურად განვახორციელოთ და ხელი შევუწყოთ ქალთა ფეხბურთის, სოციალური პასუხისმგებლობისა და მწვრთნელთა განათლების მიმართულებების განვითარებას“, – ამბობს სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი.

უეფა-ს ვებგვერდზე საქართველოში ფეხბურთის განვითარების პროგრამის ძირითადი ფაქტებია დასახელებული: რეგიონალურ აკადემიებში ვარჯიშობენ 14 და 15 წლამდე ასაკის ფეხბურთელები. ამჟამად ქვეყნის მასშტაბით სფფ-ს ოთხი აკადემია მოქმედებს.

„რეგიონალური ცენტრებიდან ხდება ფეხბურთელების შერჩევა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიებისთვის. 16 წლამდე ასაკის ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენაში ფედერაციას ეხმარება სკაუტების ფართო ქსელი. პირველ ეტაპზე ხდება 20-დღიანი შეკრებისთვის 60-მდე ფეხბურთელის შერჩევა. 60 ფეხბურთელიდან რუსთავის აკადემიაში ყოველწლიურად გადადის 22 უნიჭიერესი ჭაბუკი. მათ საშუალება ეძლევათ, უმაღლესი დონის საფეხბურთო განათლება მიიღონ. ფეხბურთელები 1-3 წლის მანძილზე ცხოვრობენ აკადემიის ტერიტორიაზე. მათთვის უზრუნველყოფილია ვარჯიში, საჯარო სკოლაში განათლების მიღება, კვება, ტანსაცმელი, აღჭურვილობა და სამედიცინო მომსახურება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგიური დახმარებაც. რუსთავის აკადემიის პროგრამის დასრულების შემდეგ, 17 წლამდე და უფროს ფეხბურთელებს შეეძლებათ ახალგაზრდულ ეროვნულ ნაკრებებსა და პროფესიულ დონეზე თამაში. აკადემიების დაფინანსებას უზრუნველყოფენ უეფა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. უეფას მიერ გამოყოფილი თანხებით და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, სფფ ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაში აშენებს ახალ ობიექტებს“, – ვკითხულობთ წერილში.

სფფ-ის სტრუქტურაში მოქმედებს რამდენიმე აკადემია – რუსთავში, ლაგოდეხში, ზუგდიდში (რომელიც მშენებლობის დასრულების შემდეგ რუხის აკადემიაში გადაინაცვლებს), გვიმბალაურში (გურია), ხოლო ქუთაისსა და სოფელ რუხში მშენებლობის სტადიაშია.

უეფა-ს აზრით, პროგრამამ შედეგები უკვე გამოიღო: „საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო საკვალიფიკაციო ციკლები გაცილებით უკეთესად ჩაატარა და შედეგები გააუმჯობესა. საქართველოს ნაკრებს ერთი ნაბიჯი დააკლდა დიდ ტურნირამდე. 2020 წლის ნოემბერში გუნდი ევრო2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა- კიდევ ერთ ქვეყანასთან, რომელიც ელიტური ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების პროგრამით სარგებლობს. საქართველოს 17 და 19 წლამდე ახალგაზრდული ნაკრებები2019/20 სეზონში საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდში გავიდნენ“.

„ეს პროექტები ძალზედ წარმატებით მიმდინარეობს. მათი განხორციელებით უეფა სწორ გზაზე დგას. ოთხივე ასოციაციამ ყველა კომპონენტში მიაღწია წინსვლას“, – დარწმუნებულია ჟან-ფრანსუა დომერგი, რომელიც საქართველოში უეფას პროგრამების ხელმძღვანელია.