უეფა-ს სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარე - სტერლინგზე პენალტი სწორად დაინიშნა #1TVSPORT
უეფა-ს სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარემ რობერტო როზეტიმ განაცხადა, რომ ნიდერლანდელმა არბიტრმა დანი მაკელიმ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა ევრო 2020-ზე ინგლისისა და დანიის ნახევარფინალში რაჰიმ სტერლინგის წაქცევის ეპიზოდში პენალტი დანიშნა.
„ჩვენ შეგვიძლია ამ მომენტის განხილვა, რადგან აბსოლუტურად ღია ვართ. მაგრამ პენალტი სწორად დაინიშნა. მსაჯი ხედავდა ეპიზოდს და რეფერის ვიდეოასისტენტის სისტემამ (VAR) დაადასტურა ეს გადაწყვეტილება – მცველი ბურთს არ შეხებია, მაგრამ იყო სუფთა კონტაქტი ფორვარდთან“, – განაცხადა როზეტიმ.
ინგლისმა დანიას 2:1 მოუგო. დამატებით დროში ინგლისელებმა პენალტის უფლება მიიღეს მას შემდეგ, რაც მაკელიმ მიიჩნია, რომ სტერლინგზე წესის დარღვევა იყო. ეპიზოდმა დიდი რეზონანსი გამოიწვია. ბევრმა ექსპერტმა მსაჯის გადაწყვეტილება შეცდომად მიიჩნია.