უეფა-ს პრეზიდენტი მოთამაშეების საუდის არაბეთში გადინების შესახებ - ამაზე არ ვღელავ, ფეხბურთს ვერ იყიდი #1TVSPORT
უეფა-ს პრეზიდენტი მოთამაშეების საუდის არაბეთში გადინების შესახებ - ამაზე არ ვღელავ, ფეხბურთს ვერ იყიდი #1TVSPORT

უეფა-ს პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა ევროპული ფეხბურთიდან მოთამაშეების საუდის არაბეთის ჩემპიონატში გადასვლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ტენდენციაში საფრთხეს ვერ ხედავს.

„ამ თემაზე არ ვღელავ. ვფიქრობ, რომ ფეხბურთს ვერ იყიდი. გამოკითხვების შედეგად, გულშემატკივრები თვალს ადევნებენ ტურნირებს და არა კონკრეტულ მოთამაშეებს. მაგალითად, ესპანეთში ფანების დიდმა ნაწილმა არ იცის, სად გადავიდა ბენზემა, მაგრამ კარგად იციან, რომ ის „რეალში“ თამაშობდა.

ინგლისში არის კლუბი, რომელიც საუდელებმა იყიდეს და შესანიშნავი მაგალითია, როგორ უნდა წარმართო საქმე. „ნიუკასლს“ არ შეუძენია სუპერვარსკვლავები, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე კვალიფიცირდა. საუდის არაბეთის ლიგაში კი როგორც იქცევიან, არ არის საუკეთესო სტრატეგია. ეს ფულის ფუჭად ხარჯვაა“, – ციტირებს უეფა-ს პრეზიდენტის სიტყვებს The Guardian-ი.