უეფა-მ სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესი გააუქმა
უეფა-მ სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესი გააუქმა

უეფა-მ ყველა თავის ტურნირზე სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესის გაუქმების შესახებ გამოაცხადა. სიახლე 2021-22 წლების სეზონიდან შევა ძალაში.

გასვლაზე გატანილი მეტი გოლის წესი გამოიყენებოდა ორმატჩიან დაპირისპირებებში. თუ გუნდები ორი თამაშის ჯამში გოლების თანაბარ რაოდენობას გაიტანდნენ, წყვილში გამარჯვებული რჩებოდა ის, ვისაც სტუმრად ჩატარებულ მატჩში უფრო მეტი გოლი ჰქონდა გატანილი. პენალტების სერია ინიშნებოდა მხოლოდ მაშინ, თუ ორივე შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით სრულდებოდა.

მომდევნო სეზონიდან, გოლების თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში, დაინიშნება 15-წუთიანი ორი დამატებითი ტაიმი. თუ აქაც თანაბარი რაოდენობის გოლები გავიდა (ან საერთოდ არ გავიდა გოლი), დაინიშნება პენალტების სერია.