უეფა-მ ინგლისის წინააღმდეგ საქმე აღძრა - დანიის მეკარეს პენალტის შესრულებამდე სახეზე ლაზერი მიანათეს #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატის ნახევრფინალში ინგლისი-დანიის მატჩის დროს რამდენიმე ინციდენტი მოხდა, რომლის გამოძიებასაც უეფა გეგმავს.
ინგლისის ნაკრების სასარგებლოდ დანიშნული პენალტის შესრულებამდე დანიის ნაკრების მეკარეს, კასპერ შმეიხელს სახეზე ლაზერი მიანათეს. უეფა-ში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ფაქტი გამოსაძიებელია.
შეგახსენებთ, რომ დანიელთა მეკარემ სადავო პენალტი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ჰარი კეინმა ბურთი მაინც შეაგდო.
ინგლისი-დანიის მატჩში მოხდა მეორე შემთხვევაც. დანიის ეროვნული ჰიმნის შესრულებისას, ხმის გადასაფარად ინგლისელმა გულშემატკივრებმა ფოიერვერკი გაუშვეს და ამ ფაქტსაც უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტი შეისწავლის.
„საჭირო დროს ეს შემთხვევები ეთიკისა და დისციპლინის კომიტეტის განხილვის საგანი იქნება“, – ნათქვამია უეფა-ს განცხადებაში.