უეფა ფედერაციებს - ჩემპიონატების დაუსრულებლად ევროთასებიდან თანხებს ვერ მიიღებთ
ახალ სატელეფონო კონფერენციაზე, რომელშიც ევროპის 55 წევრი საფეხბურთო ასოციაცია მონაწილეობდა, მათ შორის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენმდივანი დავით მუჯირი, უეფას წარმომადგენლებმა ევროტურნირებიდან თანხების დარიცხვაზე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთეს – ინფორმაციას ბერძნული გამოცემა „სპორტ24“ ავრცელებს.
უეფა იმ ქვეყნებს, სადაც ჩემპიონატები არ დასრულდება, დაემუქრა, რომ, შესაძლოა, მომავალი წლის ევროპულ ტურნირებში მონაწილეობა არ მიიღონ და პლუს, უეფას ტურნირებიდან შემოსავლებსაც ვერ მიიღებენ. ფინანსები კი უეფას ხელში დიდი ბერკეტია.
„უეფას წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახალი სეზონის დაწყება ოქტომბერში სურთ. მიზანი ისაა, რომ ჩემპიონები კონკურენტული კრიტერიუმებით გახდნენ. უეფას ოფიციალურმა პირებმა ასევე მიანიშნეს, რომ მხოლოდ ტურნირების დასრულების (და არა წინასწარ ჩემპიონის გამოცხადების) შემთხვევაში ჩაურიცხავენ კლუბებს უეფას მოგებიდან შემოსავალს“ – ამტკიცებს ბერძნული გამოცემა.
„სპორტ24“ ასევე წერს – უეფამ შეატყობინა ფედერაციებს, რომ ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა აგვისტოს ბოლოს დასრულდება.
„უეფამ განმარტა, რომ ჩემპიონატის დასრულების საკითხს იმ ფედერაციებთან განიხილავს, სადაც ეს პრობლემურია. ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების ფინალის თარიღად კი 29 აგვისტო დაასახელეს, ხოლო სამი დღით ადრე – ევროპის ლიგის ფინალის გამართვა იგეგმება. ამავე დროს, ევროპულის ფეხბურთის ორგანიზაციამ გასაგებად განაცხადა, რომ იგი დაიცავს ექიმების რჩევებსა და რეკომენდაციებს და დიდი ქვეყნების ფედერაციებთან განიხილავს, თამაშების განახლების შემდეგ თუ რა სამედიცინო რჩევები უნდა გაითვალისწინონ“ – ვკითხულობთ „სპორტ24“-ის წერილში.