უდინეში, იტალია-ისრაელის საფეხბურთო მატჩის წინ პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
უდინეში იტალია-ისრაელის საფეხბურთო მატჩის წინ პალესტინის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. აღნიშნულის შესახებ „როიტერი” წერს.
ათასობით დემონსტრანტმა უდინეში იტალია-ისრაელის მატჩის ჩატარება გააპროტესტა. აქციაზე დაახლოებით 5 000 ადამიანი იმყოფებოდა.
აქციის ორგანიზატორები მოუწოდებდნენ FIFA-ს, აეკრძალა ისრაელისთვის ყველა ტურნირში მონაწილეობა. მათი განცხადებით, ისრაელის ნაკრები მხარს უჭერს „ოკუპაციის პოლიტიკას“ პალესტინის ტერიტორიებზე.
დემონსტრანტებს ხელში პალესტინის 18-მეტრიანი დროშა ეჭირათ და დიდი წითელი ბანერი აქციის სლოგანით: „აჩვენეთ ისრაელს წითელი ბარათი“.
აქციის დასრულებამდე ზოგიერთმა მონაწილემ პიროტექნიკა და სხვადასხვა კონსტრუქცია ესროლა პოლიციას, რის შემდეგაც პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
იტალიის სახელმწიფო მაუწყებლის, „რაის“ ცნობით, მათ ერთ-ერთ ჟურნალისტს ქვა მოხვდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. სააგენტო „ანსას“ ცნობით, კიდევ ერთი ჟურნალისტი დაშავდა შეტაკებების დროს და რამდენიმე პოლიციელს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.