უცხოური კლუბები აზაროვს, ჩაბრაძეს და ფლამარიონს იწვევენ - ბათუმელთა ამოცანა მათი ევროტურნირებისთვის შენარჩუნებაა #1TVSPORT
უცხოური კლუბები აზაროვს, ჩაბრაძეს და ფლამარიონს იწვევენ - ბათუმელთა ამოცანა მათი ევროტურნირებისთვის შენარჩუნებაა #1TVSPORT

ბათუმის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონი გახდა, მის მოთამაშეებს კი საქართველოს ნაკრებში სისტემატურად იწვევენ. შესაბამისად, მათ მიმართ ინტერესი გაიზარდა.

შეინარჩუნებს გუნდის ხელმძღვანელობა მოთამაშეებს თუ უცხოეთში წასვლაში ხელს არ შეუშლის? ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საფეხბურთო ტაიმაუტი ვლადიმერ გუცაევთან ერთად” ამ საკითხზე ილაპარაკა.

საუბარი ეროვნულ ნაკრებში დაწინაურებული ირაკლი აზაროვის შესაძლო ტრანსფერი ახსენა.

„ირაკლი აზაროვთან დაკავშირებით 2-3 თვის განმავლობაში მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკება – თემას არ დავაკონკრეტებ. კლუბის მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ფეხბურთელები უცხოეთის რომელიმე წარმატებულ კლუბში რაც შეიძლება მეტად გაყიდოს. მაგრამ, დამიჯერეთ, ბათუმის „დინამოს“ ამოცანა დღეს ეს არ არის.

ჩვენი მიზანია, ფეხბურთელები, რომლებიც დღეს კლუბს ესაჭიროება და ვფიქრობთ, რომ გამოგვადგება, შევინარჩუნოთ და უფრო გავძლიერდეთ, რომ რომელიმე ევროპული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდეთ.

ძლიან ბევრი წინადადებაა როგორც ჯოვინო ფლამარიონზე ასევე გრიგოლ ჩაბრაძეზე. ყველანაირად ვცდილობთ, აზაროვი შევინარჩუნოთ. ვფიქრობთ, ეს გამოგვივა – ყოველ შემთხვევაში, ევროტურნირებამდე მაინც.

მაგრამ კლუბი ცოცხალი ორგანიზმია, ვიღაც მიდის, ვიღაც მოდის. მთავარია, ეს გუნდის დასუსტების ხარჯზე არ მოხდეს. ის თანხებიც, რაც ფეხბურთელების ტრანსფერებიდან შემოვა, ისევ კლუბის გაძლიერებას უნდა მოხმარდეს და სხვა მიმართულებით არ უნდა წავიდეს“.