ბათუმელებმა „ტრაბზონსპორის“ 1,2-მილიონიანი შეთავაზება უარყვეს, მაგრამ იანვარში საკითხს განიხილავენ - თურქული გამოცემა აზაროვის ტრანსფერზე წერს #1TVSPORT
ბათუმელებმა „ტრაბზონსპორის“ 1,2-მილიონიანი შეთავაზება უარყვეს, მაგრამ იანვარში საკითხს განიხილავენ - თურქული გამოცემა აზაროვის ტრანსფერზე წერს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის „დინამოს“ 19 წლის ფეხბურთელმა ირაკლი აზაროვმა პროფესიულ დონეზე პირველი სრულფასოვანი სეზონი წელს ჩაატარა, საქართველოს ნაკრებში ადგილს იმკვიდრებს და მის მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაზრდილია.

ცნობილია, რომ ბათუმელთა მარცხენა მცველს „ტრაბზონსპორი“ იწვევდა და ეს საკითხი გადაწყვეტილი ჩანდა, სანამ საქმეში ახალი დაინტერესებული მხარე არ გამოჩნდა – შვეიცარიული „ბაზელი“. თურქული გამოცემა „ფოთოსპორის“ მტკიცებით, ეს თურქული კლუბისთვის უსიამოვნო სიახლე აღმოჩნდა.

აზაროვი უკონტროლოა… ცუდი ამბავი „ტრაბზონსპორისთვის“. ირაკლი აზაროვის გადაბირებას „ბაზელი“ ცდილობს. მისი ტრანსფერი „ტრაბზონსპორმა“ სეზონის დასაწყისში ვერ გაიფორმა. „ბაზელი“ ბათუმის „დინამოს“ 19 წლის ახალგაზრდა მარცხენა მცველისთვის ბრძოლაში ჩაერთო. ბათუმურმა გუნდმა, რომელმაც ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს „ტრაბზონსპორის“ 1,2 მილიონი ევროს ოდენობის შეთავაზება უარყო, ახლა პოზიცია შეიცვალა. ქართულ კლუბში მზად არიან, იანვარში შემდგომი შეთავაზებები განიხილონ“, – ამტკიცებს თურქული გამოცემა.

ზაფხულში რუსეთის მედიაში გავრცელდა ცნობილი ინსაიდერის, ნობელ არუსტამიანის ინფორმაცია. მისი მტკიცებით, რუსეთის პრემიერლიგის „კრასნოდარმა“, შეიძლება, დაკარგოს ვიქტორ კლასონი. ამიტომ კლუბის სელექციონერები დაცვისა და შეტევის ხაზების გაძლიერების ალტერნატიულ კანდიდატებს ეძებენ და ირაკლი აზაროვით დაინტერესდნენ.