უცხოეთში მყოფ საქართველოს 15 393 მოქალაქეს დახმარება ადგილზე გაეწია, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 7 988 ადამიანი
უცხოეთში მყოფ საქართველოს 15 393 მოქალაქეს დახმარება ადგილზე გაეწია, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 7 988 ადამიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 27 აპრილის მონაცემებით, ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 15 393 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 7 988.

„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, განაგრძობენ დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას.

2020 წლის 27 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 15 393 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში – მთავრობის ხელშეწყობით – საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 7 988 მოქალაქე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ყოველდღე ახლდება მონაცემები COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ.

აღნიშნული მონაცემები ორი სახის ინფორმაციას შეიცავს, კერძოდ სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი ეტაპობრივი დაბრუნების სტატისტიკა“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზების და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებგვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებგვერდებზე. აღნიშნულ განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

ამასთან, საგარეო უწყების ცნობით, ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება:

30 აპრილი – მადრიდი-თბილისი
2 მაისი – პრაღა-თბილისი
5 მაისი – ათენი-თბილისი
7 მაისი – ამსტერდამი-თბილისი
9 მაისი – ბერლინი-თბილისი