უცხოელებს საქართველოში საზღვაო მიმართულებით კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატის მიღება შეეზღუდებათ
უცხოელებს საქართველოში საზღვაო მიმართულებით კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატის მიღება შეეზღუდებათ

უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოს საზღვაო სასწავლებელს დაამთავრებს, საქართველოში კომპეტენციის სერტიფიკატის მიღებას ვეღარ შეძლებს. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა, რომლის ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში კომპეტენციის სერტიფიკატის აღება აეკრძალებათ, თუმცა დაშვებული იქნება გამონაკლისი იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც 2022 წლის პირველი სექტემბრისთვის სწავლობენ საქართველოს საზღვაო სასწავლებლებში. პროექტით ზუსტდება, რომ მათ საშუალება ექნებათ, მიიღონ კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატი. ასევე, კანონპროექტით კონკრეტდება ისიც, რომ უცხო ქვეყნის ის მეზღვაურები, რომელთაც საქართველოში უკვე აღებული აქვთ კომპეტენციის სერტიფიკატი, ან 2022 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით შესაბამისი საზღვაო განათლება მიღებული აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე ამ კანონის საფუძველზე, მათ უფლება ექნებათ, საქართველოში მიიღონ/განაახლონ კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატი. მთავრობა აღნიშნული ცვლილებების მიზეზს განმარტავს.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოს საზღვაო სასწავლო დაწესებულებებში უფლება აქვთ ისწავლონ როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რადგან საზღვაო პროფესია მიეკუთვნება რეგულირებად პროფესიას, თუმცა საქართველოში 2020 წლიდან საზღვაო სასწავლებლებმა შემოიღეს ინგლისურენოვანი უმაღლესი სასწავლო პროგრამები, რომლებზეც დაშვების წინაპირობა წარმოადგენს არა ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩაბარება უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის, არამედ ინგლისური ენის ცოდნა და ვინაიდან, ბევრი ქვეყნის წარმომადგენლისთვის ინგლისური მშობლიური ენაა ან სრულყოფილად ფლობენ, ისინი პირდაპირი კონკურენტები ხდებიან ქართველი მეზღვაურების, რომელთა სამუშაო ადგილების დაკარგვის საფრთხე რეალური ხდება.

მთავრობის ცნობით, ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე ძირითადი კონტიგენტი შესაძლოა იყოს აზერბაიჯანის, თურქეთის, ისრაელის, დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოები (განსაკუთრებით ნიგერია) და ინდოეთი. ასევე, ინტერესი გამოხატული აქვთ კასპიის ზღვის აუზის სხვა სახელმწიფოებსაც, კერძოდ, ყაზახეთსა და თურქმენეთს. „ამ სახელმწიფოების ინტერესები პირველ რიგში უკავშირდება არა საქართველოში განათლების მიღებას, არამედ საქართველოს მიერ გაცემულ მეზღვაურთა სამუშაო დიპლომებს (კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი), რომლებიც მათ აძლევს მსოფლიოში მცურავი ძირითადი სანაოსნო გემების 80%-ზე დასაქმების საშუალებას“. ამასთან, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის შესაბამისად, რეგულირებადი პროფესია არის საქმიანობა, რომლის განხორციელების წინაპირობა, შესაბამისი კვალიფიკაციის არსებობის გარდა, არის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება ან რომლის განსახორციელებლად მოთხოვნილი კვალიფიკაციის მინიჭებისთვის აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გამოცდის ჩაბარება. საზღვაო განათლება, სამედიცინო განათლების მსგავსად, წარმოადგენს რეგულირებად პროფესიას. შესაბამისად, თუ გავითვალისწინებთ, წამყვანი საზღვაო ქვეყნების გამოცდილებას მაგ: დიდი ბრიტანეთი, გერმანია და სხვ. აღნიშნულ ქვეყნებში განათლების მიღების შემთხვევაში, სხვა ქვეყნის მოქალაქე სამუშაო სერტიფიკატებს ვერ მიიღებს STCW კონვენციის შესაბამისად“, – აღნიშნულია კანონპროექტში.